თინათინ ბერძენიშვილი - საერთაშორისო აუდიტის დასკვნა მენეჯმენტისთვის სახელმძღვანელო დოკუმენტია, მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის აუდიტის დასკვნა უპირობოდ დადებითია

საერთაშორისო აუდიტის დასკვნა მენეჯმენტისთვის არის სახელმძღვანელო დოკუმენტი, რომ შემდეგი წლების სტანდარტი შევინარჩუნოთ ან კიდევ უფრო მაღლა ავწიოთ, – ამის შესახებ პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, გასული წელი საქართველოს პირველი არხისთვის გამორჩეული იყო.

„2025 წელი გამორჩეული წელი იყო საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის იმ მხრივ, რომ მოხდა გადასვლა ახალ შენობაში, რაც გულისხმობდა უწყვეტი ეთერის შენარჩუნებას. ეს ტექნოლოგიურად, და ასევე ფინანსურად, იყო ძალიან რთული პროცესი, რადგან მშენებლობის ნაწილი სრულად უკავშირდებოდა ახალ კომპეტენციას. მენეჯმენტის საქმიანობის ფარგლებში აბსოლუტურად განსხვავდებოდა შარშანდელი წელი. მნიშვნელოვანია, რომ აუდიტის დასკვნა, უკვე მერამდენე წელია, არის უპირობოდ დადებითი, რაც აჩვენებს, რომ გამჭვირვალობისა და პასუხისმგებლობის ნაწილში საზოგადოებრივი მაუწყებელი, პირველ რიგში ფინანსური კუთხით, ვფიქრობ, არის ნამდვილად უპირობო. ჩვენი მენეჯმენტისთვის ეს არის სახელმძღვანელო დოკუმენტი იმისთვის, რომ შემდეგი წლების სტანდარტი, ყველაზე ცოტა, შევინარჩუნოთ ან კიდევ უფრო მაღლა ავწიოთ“, – განაცხადა თინათინ ბერძენიშვილმა.

საქართველოს პირველი არხის 2025 წლის ფინანსურ ანგარიშგებაზე საერთაშორისო აუდიტორულმა კომპანიამ, შპს „მოორ ეიბისიმ“ უპირობო დადებითი დასკვნა მოამზადა.