საერთაშორისო აუდიტის უპირობო დადებითი დასკვნა საქართველოს პირველი არხის ფინანსურ ანგარიშგებაზე
საერთაშორისო აუდიტის უპირობო დადებითი დასკვნა საქართველოს პირველი არხის ფინანსურ ანგარიშგებაზე

საქართველოს პირველი არხის 2025 წლის ფინანსურ ანგარიშგებაზე საერთაშორისო აუდიტორულმა კომპანიამ, შპს „მოორ ეიბისიმ“ უპირობო დადებითი დასკვნა მოამზადა.

საზოგადოებრივი მაუწყებელი სამეურვეო საბჭოს მიერ შერჩეული, საერთაშორისოდ აღიარებული აუდიტორული კომპანიის მიერ ყოველწლიურად მოწმდება.

პროცესი მოიცავს ფინანსური ანგარიშგებების, სახელმწიფო შესყიდვებისა და საგადასახადო ანგარიშგების აუდიტს. აუდიტორულმა კომპანიამ ყველა ამ მიმართულებით დადებითი დასკვნა მოამზადა, დარღვევა ან კანონმდებლობასთან შეუსაბამობა არცერთი მიმართულებით არ გამოვლენილა.

„2025 წელი საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის ბევრი მოვლენით იყო მნიშვნელოვანი. ეს იყო პირველი წელი ახალ შენობაში. გავიარეთ კომპლექსური პროცესი, რაც უწყვეტი მაუწყებლობის შენარჩუნებით ახალ მისამართზე გადასვლას გულისხმობდა. ბოლო წლების განმავლობაში განხორციელებული ყოველწლიური აუდიტის დადებითი დასკვნა, რომლის მიხედვითაც, ყველა შემოწმებული კომპონენტი შეესაბამება კანონს და სტანდარტს, ჩვენთვის, როგორც გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული ორგანიზაციისთვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რამდენადაც ახალი შენობის აშენებისა და გადასვლის პროცესი მოითხოვდა კომპეტენციას, რომელიც განსხვავდებოდა ჩვენი ძირითადი და ყოველდღიური საქმიანობისგან“, – განაცხადა პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა.

საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, აუდიტის დასკვნა პარლამენტს ეგზავნება, რომელსაც საკანონმდებლო ორგანო მაუწყებლის საქმიანობის წლიურ ანგარიშთან ერთად განიხილავს.