საქართველოს პირველი არხის კინოდარბაზში რეჟისორ ირაკლი გოქაძის ფილმის, „მაუწყებლობის 100 წელი“ პრემიერა გაიმართა

19:20, 30.12.2025

საქართველოს პირველი არხის კინოდარბაზ „ილუზიონში“ რეჟისორ ირაკლი გოქაძის ფილმის, „მაუწყებლობის 100 წელი“ პრემიერა გაიმართა.

ჩვენებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა.

დოკუმენტურ ფილმში ნაჩვენებია პოლიტკოვსკაიას №31-ში მდებარე, საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი შენობის პროექტირების, მშენებლობის, აღჭურვის ეტაპები, თუ როგორ იქმნებოდა რეგიონში ყველაზე მასშტაბური მედია-ჰაბი, რომელიც ორ ჰექტარ მიწის ფართობზეა აშენებული და ორ კორპუსს აერთიანებს.

ეკო მწვანე შენობაზე, რომელიც არქიტექტურული პრემიის გამარჯვებული გახდა, ულტრათანამედროვე სტუდიებსა და საქართველოში ყველაზე დიდი და მრავალფუნქციური პავილიონების შესახებ ფილმში ის ადამიანები საუბრობენ, ვისაც უშუალოდ მიუძღვის წვლილი საქართველოს ახალი ტელევიზიის შექმნაში.

„დღეს არის ტელევიზიის დაბადების დღე. მთელი წელი ჩვენ მივუძღვენით ტელევიზიის ასი წლის იუბილეს. ახლა კი გვქონდა ფილმის პრემიერა, რომელსაც მაყურებელი სულ მალე ეთერში ნახავს. ვფიქრობ, ეს არის ერთგვარი მემატიანე იმ ძალიან რთული პერიოდის, რომელიც ტელევიზიამ, მისმა გუნდმა, თითოეულმა თანამშრომელმა ერთად გაიარა და ამის შედეგად გვაქვს შენობა, რომლითაც ძალიან ვამაყობთ. ძალიან გვინდა, თითოეულ მაყურებელს ეს შენობა თავისი პროდუქტით, თავისი მედიაინფრასტრუქტურით კიდევ მომდევნო ასი წელი მოემსახუროს“, – განაცხადა საქართველოს პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ, ვასილ მაღლაფერიძემ ფილმის გადამღებ ჯგუფს მადლობა გადაუხადა.

„მინდა, მადლობა ვუთხრა ფილმის გადამღებ ჯგუფს, რადგან საინტერესოდ არის გაკეთებული. ეს ფილმი კიდევ ერთხელ გვახსენებს მთელ იმ პერიპეტიებს, რომელიც გავიარეთ და რომელიც არ იყო იოლი, მაგრამ ყველაფერი კარგად დასრულდა. ეს არ არის ფილმი, რომელსაც ყოველ დღე ნახავს ადამიანი, მაგრამ ისტორიისთვის იქნება მნიშვნელოვანი. ვფიქრობ, ეს ტელევიზია და ეს შენობა ბევრი თაობის განმავლობაში გამოადგება კიდევ ქვეყანას“, – განაცხადა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ, ვასილ მაღლაფერიძემ.

დოკუმენტური ფილმის სატელევიზიო პრემიერა დღეს, 20:00 საათზე გაიმართება.

მსგავსი