„რუსთავი“ ეროვნულ საფეხბურთო ლიგას დაუბრუნდა - პლეი-აუტის მონაწილეთა ნაწილი ცნობილია
ეროვნულ ლიგა 2-ში 35-ე ტურის მატჩები გაიმართა: რუსთავის „ფოლადის“ სტადიონზე „რუსთავმა“ „ვიტ ჯორჯია“ 2:0 დაამარცხა, 83 ქულა დააგროვა, კონკურენტ მარტვილის „მერანს“ 6 ქულით გაასწრო და მისთვის მიუწვდომელი აღმოჩნდა. ამდენად, ვალერი კილასონიას გუნდი ორწლიანი პაუზის შემდეგ ეროვნულ ლიგაში დაბრუნდა.
საინტერესოა, რომ რუსთაველთა ლიდერმა დათა სიჭინავამ 30-ე გოლი გაიტანა და ერთი ტურით ადრე ლიგის ბომბარდირობა მოიპოვა.
„მერანმა“ გასვლაზე „სამგურალთან“ 0:0 ითამაშა – მარტვილელები ეროვნულ ლიგაში გადასასვლელ პლეი აუტში ითამაშებენ, ისევე, როგორც ბოლნისის „სიონი“, რომელიც დღეს ლანჩხუთის „ევგრაფი შევარდნაძეზე“ „გურიას“ ესტუმრა და 1:5 წააგო.
„ზუგდიდმა“ შინ „ცხინვალთან“ მხოლოდ ქულა მოიპოვა (1:1) და ქვედა ლიგაში დასარჩენად, შესაძლოა, ლიგა 3-ის გუნდთან (ეს მალე გაირკვევა) პლეი აუტში თამაში მოუხდეს. ზუგდიდელებს 25 ქულა აქვთ და მხოლოდ ქულით უსწრებენ „ჭიათურას“, რომელიც „გაგრასთან“ 1:4 დამარცხდა.
ლიგიდან გავარდნის კანდიდატები ასევე არიან „ცხინვალი“ და „გურია“ – ორივეს 37 ქულა აქვს და ბოლო, 36-ე ტურში გაირკვევა, პლეი-აუტში რომელი მათგანი ითამაშებს.