კრისტალბეთ ეროვნული ლიგა განახლდა - „რუსთავმა" „დილა" დაამარცხა
კრისტალბეთ ეროვნული ლიგა განახლდა - „რუსთავმა" „დილა" დაამარცხა

თითქმის ორკვირიანი სანაკრებო პაუზის შემდეგ „კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში“ თამაშები განახლდა.

მეორე წრის ბოლო ტური რუსთავში გამართული შეხვედრით დაიწყო – „რუსთავმა” გორის „დილას” უმასპინძლა და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა.

მასპინძლებმა პირველი ნახევარი კარგად ჩაატარეს და 2:0 დაწინაურდნენ. „რუსთავში” ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის, ოთარ კიტეიშვილის ძმა, პაატა კიტეიშვილი გამოირჩეოდა, რომელმაც ანგარიში 25-ე წუთზე გახსნა, ხოლო 41-ე წუთზე ნიკა ყიფიანმა თავი მის საგოლე გადაცემით გამოიჩინა. გორელებმა მხოლოდ ანგარიშის შემცირება მოახერხეს: 77-ე წუთზე რუსთაველთა კარი ლევან ნონიკაშვილმა აიღო და „რუსთავმა” 2:1 მოიგო.

„რუსთავმა” 18 ტურის შემდეგ 14 ქულა დააგროვა და ამ მაჩვენებლით „ვიტ ჯორჯიას” დაეწია, ხოლო „დილა” 19 ქულით ისევ მერვეზეა.