ერთა ლიგის პლეიოფი | რას წარმოადგენს „ჯვაროსნების“ მეტოქე – ფარერის კუნძულების ნაკრები მოყვარულებიდან დღემდე #1TVSPORT
საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის B დივიზიონის პლეიოფში ფარერის კუნძულების ეროვნულ გუნდს შეხვდება. პირველ მატჩს 2027 წლის 25-27 (ზუსტი თარიღი მალე დაზუსტდება) მარტს ფარერის კუნძულები უმასპინძლებს, ხოლო საპასუხო — 28-30 მარტს საქართველოში გაიმართება.
2026 წლის 20 ნოემბრის მონაცემებით, ფარერის კუნძულების ეროვნული ნაკრები ფიფა-ს რეიტინგში 123-ე ადგილზეა (საქართველო – 74-ე), ხოლო უეფა-ს რეიტინგში – 47-ე ადგილზე (საქართველო – 44-ზე).
ფარერის კუნძულები ფიფა-ს წევრი 1988 წელს გახდა, ხოლო უეფა-ში – 1990 წელს გაწევრიანდა. ევროპის ჩემპიონატის სადებიუტო შესარჩევ ეტაპზე ფარერებმა ავსტრიის ნაკრებთან სენსაციური გამარჯვება მოიპოვეს (1:0). მათთვის ისტორიული თამაში 1990 წლის 12 სექტემბერს შვედეთის ქალაქ ლანდსკრონაში, ნეიტრალურ მოედანზე გაიმართა. ერთადერთი გოლი „სანდავავურის“ მოთამაშე ტორკილ ნილსენმა გაიტანა, რომელიც პროფესიით დურგალი იყო.
ფარერებს პირველად 2002 წელს შეეძლო დიდ ტურნირზე გასვლა – მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრის შანსი შესარჩევი ტურნირის ბოლოს გაუშვა ხელიდან. 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე კი მოწინააღმდეგეებისთვის ერთ-ერთ ყველაზე უხერხულ მეტოქედ იქცა.
2016 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევში ფარერებმა ორჯერ დაამარცხა საბერძნეთის ნაკრები: 2014 წლის 14 ნოემბერს, იოჰან ედმუნდსონის გოლის წყალობით, სტუმრად 1:0 მოიგო. შედეგი მართლაც ისტორიული იყო – ფიფა-ს რეიტინგში გუნდებს შორის სხვაობა 169 ადგილი გახლდათ. საპასუხო მატჩში ფარერებმა 2015 წლის 13 ივნისს 2:1 გაიმარჯვეს და საბოლოოდ, ჯგუფში მე-5 ადგილზე გავიდნენ.
შედეგის მხრივ, საუკეთესო 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი აღმოჩნდა: გუნდმა ისტორიაში პირველად, ჯგუფში მეოთხე ადგილი დაიკავა, ლატვიასა და ანდორას გაუსწრო და პორტუგალიას, შვეიცარიასა და უნგრეთს ჩამორჩა.

პროგრესი შვედი მწვრთნელის ხელში
2019 წლის 16 დეკემბერს ფარერის კუნძულების ფეხბურთის ასოციაციამ შვედ მწვრთნელთან, ჰოკან ერიქსონთან ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა. 2020 წლის 17 ნოემბერს, მისი ხელმძღვანელობით გუნდმა ისტორიაში პირველი ტურნირი მოიგო – 12 ქულით 2020–21 წლების უეფა-ს ერთა ლიგის D დივიზიონის გამარჯვებული გახდა და C ლიგაში გადავიდა.
2021 წლის 7 ივნისს, კუნძულელებმა ტორსჰავნში ლიხტენშტაინი 5:1 დაამარცხეს და ისტორიაში ყველაზე დიდი ანგარიშით მოიგეს. 2022 წლის 26 სექტემბერს კი თურქეთს 2:1 სძლიეს.
ფარერის კუნძულების ეროვნულ ნაკრებში 13 პროფესიონალი მოთამაშეა, რომლებიც 10 ქვეყნის ლიგებში თამაშობენ. 1990 წლის გუნდი კი, რომელმაც ლანდსკრონაში ავსტრიას მოუგო, მთლიანად მოყვარულებით იყო დაკომპლექტებული. შვედი მწვრთნელის ხელმძღვანელობით ნაკრები ქულების მოპოვებას თითქმის ყველა მეორე მატჩში ახერხებდა – ერიქსონი ქვეყნის ისტორიაში ყველაზე წარმატებულ მწვრთნელად მიიჩნევა.
ეიდუნ კლაკშტეინის ეპოქა
ერიქსონი 2024 წლის 16 ოქტომბერს გაათავისუფლეს და დროებით მწვრთნელად ეიდუნ კლაკშტეინი დაინიშნა, რომლის ხელმძღვანელობითაც გუნდმა სადებიუტო მატჩში სომხეთი 1:0 დაამარცხა და ერთა ლიგის C დივიზიონში ადგილი შეინარჩუნა.
კლაკშტეინთან სრულფასოვანი კონტრაქტი 2025 წლის 5 თებერვალს გაფორმდა. მისი ხელმძღვანელობით ფარერის კუნძულების ნაკრებმა საუკეთესო სეზონი ჩაატარა – 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ჯგუფში, 8 თამაშში 12 ქულა დააგროვა და პლეიოფში გასვლა მხოლოდ ჯგუფის ლიდერ ხორვატიასთან ბოლო მატჩში წაგების გამო ვერ შეძლო.
2026-27 წლების უეფა-ს ერთა ლიგის C დივიზიონში ჯგუფში მოლდოვასა და ყაზახეთს აჯობეს და მხოლოდ სლოვაკეთს ჩამორჩნენ – 8 ქულით (1 მოგება და 5 ფრე) ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა და B ლიგაში გადასასვლელად იბრძვიან, სადაც მათი მეტოქე საქართველოს ნაკრები იქნება.
ურთიერთშეხვედრები
საქართველოსა და ფარერის კუნძულების ნაკრებები ერთმანეთის სამჯერ შეხვდნენ და სამივე შეხვედრა საქართველოს ნაკრების გამარჯვებით დასრულდა (ბურთების შეფარდება – 10:1).
პირველად ფარერებს ევრო 2008-ის შესარჩევ ტურნირზე შევხვდით და 2006 წლის 16 აგვისტოს სტუმრად 6:0 მოვუგეთ, ხოლო 2007 წლის 28 მარტს თბილისში 3:1 ვძლიეთ. 2025 წლის 3 ივნისს „დინამო არენაზე“ ლუკა ლოჩოშვილის მიერ მე-9 წუთზე გატანილი გოლით 1:0 ვაჯობეთ.
სტადიონები
ფარერის კუნძულებზე პირველი სტადიონი, „სვანგასკარია“, ქალაქ ტოფტირში 1980 წელს აშენდა, სადაც ფარერები 1999 წლამდე საშინაო მატჩებს ატარებდა. 1999 წლიდან 2011 წლამდე კი ეროვნული ნაკრები მეტოქეებს არა მხოლოდ „სვანგასკარზე“, არამედ ტორშავნში მდებარე ახალ სტადიონ „ტორსვოლურზეც“ მასპინძლობს.
„ტორშვოლურს“ საფუძვლიანი რეკონსტრუქცია ჩაუტარდა და მულტიფუნქციურ არენად იქცა, სადაც სპორტული შეჯიბრებებისა და კონცერტების ჩატარებაა შესაძლებელი. 2011 წელს შეიცვალა განათების სისტემა, მოეწყო ხელოვნურსაფრიანი მოედანი და 6000 ახალი პლასტმასის სავარძელი დამონტაჟდა, რის შემდეგაც სტადიონი უეფა-სა და ფიფა-ს ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს.