„რუსთავმა“ ახლადდანიშნული შაშიაშვილი გაათავისუფლა - გუნდს კვარაცხელია ჩაიბარებს
„რუსთავმა“ ახლადდანიშნული შაშიაშვილი გაათავისუფლა - გუნდს კვარაცხელია ჩაიბარებს

გიორგი შაშიაშვილმა „რუსთავი“ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე დატოვა, მას კი ბადრი კვარაცხელია ჩაანაცვლებს – ინფორმაციას კლუბის ოფიციალური გვერდი არვცელებს.

ეს მოულოდნელი გადაწყვეტილება იყო, რადგან გიორგი შაშიაშვილმა გუნდი იანვრის დასაწყისში ჩაიბარა და ერთ თვეც არ იმუშავა.

ამასთან დაკავშირებით კომენტარი „რუსთავის“ დირექტორმა, ბადრი მაჭავარიანმა გააკეთა.

„ფეხბურთის ფედერაციიდან მივიღეთ წერილი, სადაც კატეგორიული ფორმით იყო ჩამოყალიბებული პოზიცია, რომ ლიცენზირების მოთხოვნიდან გამომდინარე, კლუბში ყველა პოზიციას შესაბამისი ლიცენზიის მქონე პიროვნებები უნდა იკავებდნენ. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი, კლუბი ვალდებულია მთავარ მწვრთნელად UEFA PRO კატეგორიის სამწვრთნელო ლიცენზიის მფლობელი სპეციალისტი დანიშნოს. გამომდინარე იქიდან, რომ შაშიაშვილი ამ ლიცენზიას არ ფლობდა, ეს თანამშრომლობა მანამდე შევწყვიტეთ, სანამ ის ლიცენზიას არ მიიღებს“ – ამბობს მაჭავარიანი.

მისი თქმით, გუნდის სავარჯიშო პროცესს ახლა შაშიაშვილის თანაშემწე, არმაზ ჯელაძე უძღვება და ახალი მთავარი მწვრთნელის კანდიდატურაც გაამხილა: „არის მოსაზრება, რაზეც კლუბის დირექტორატში ვიმსჯელეთ და გადავწყვიტეთ, – გუნდში მთავარი მწვრთნელის პოსტს ბადრი კვარაცხელიას შევთავაზებთ, რომელიც შესაბამისი კატეგორიის სამწვრთნელო ლიცენზიის მფლობელიცაა და მისი პრაქტიკული გამოცდილებაც გვაიმედებს, რომ გუნდის წინაშე არსებულ ამოცანებს გადაჭრის“.

დატოვე კომენტარი