ორი ქართველი გარდიანის ტოპ-ტალანტების სიაში - ბრიტანელებმა კვარაცხელია ლეროი სანეს შეადარეს
ორი ქართველი გარდიანის ტოპ-ტალანტების სიაში - ბრიტანელებმა კვარაცხელია ლეროი სანეს შეადარეს

ინგლისურმა გამოცემა „გარდიანმა“ 2001 წელს დაბადებულ 60 ტალანტში, ორი ქართველი – საქართელოს 19-წლამდელთა ნაკრების წევრები, ზუკა დავითაშვილი და ხვიჩა კვარაცხელია დაასახელა.

„გარდიანი“ ამ სიას 2014 წლიდან აქვეყნებს, ქართველი ფეხბურთელები კი პირველად დააფასა. საინტერესოა, რომ ორივე მათგანი თბილისის „დინამოს“ საფეხბურთო აკადემიის აღზრდილია, მაგრამ ამჟამად სხვა კლუბებში თამაშობენ.

„ერთ შეხვედრაში ოთხი გოლის გატანა შეუმჩნეველი არ დარჩება, მით უმეტეს თუ ამას, ქვეყნის მიღმა, საერთაშორისო მატჩებში ნახევარმცველი ახერხებს. დავითაშვილმა ეს 2018 წელს მაკედონიაში შეძლო. 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდზე – სულ შესარჩევ ტურნირზე 6 მატჩში 7 გოლი გაიტანა. ის ნიჭიერი შემტევი ნახევარმცველია, რომელიც ხშირად ათიანის პოზიციაზე თამაშობს. ტექნიკურად ძალიან კარგია. ყოველთვის მზადაა მცველებზე წავიდე., უყვარს შორიდან დარტყმა და მოედნის შესანიშნავი ხედვა გამოარჩევს, რომელიც საშუალებას აძლევს, რომ რეიდები განახორციელოს და ჭკვიანური პასები აკეთოს. მიუხედავად იმისა, რომ 17 წლისაა და გუნდის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, „ლოკომოტივის“ თამაშებში რეგულარულად მონაწილეობს და სავსებით თავდაჯერებული გამოიყურება. დავითაშვილით რუსეთის დიდი კლუბები დაინტერესდნენ, მაგრამ სურს, რომ ახლა კარიერა თავის ამჟამინდელი კლუბში განაგრძოს“ – წერს „გარდიანი.“

ბრიტანული გამოცემა „რუსთავის“ თავდამსხმელ ხვიჩა კვარაცხელიას ასე ახასიათებს: „წარსულში საქართველო დიდი თავდამსხმელებით იყო ცნობილი. თუმცა, დიდი მასშტაბის თავდამსხმელთა დეფიციტი ახლა აშკარაა. კვარაცხელია იმედოვნებს, რომ მრავალი წლის განმავლობაში გულშემატკივრების ფავორიტი გახდება. ის ტექნიკურად გამორჩეულია, როგორც ბევრი ახალგაზრდა ქართველი, მაგრამ მას ბევრი სხვა თვისებებიც გამოარჩევს. თბილისის „დინამოს“ საფეხბურთო აკადემიის გაზრდილი ფიზიკურადაც ძლიერია, სწრაფია და შეუძლია მოულოდნელად აუჩქაროს, ხოლო ერთი-ერთზე თამაშისას ყოველთვის არაპროგნოზირებადია. ასევე მნიშვნელოვანია, რომ კვარაცხელია ორივე ფეხს მშვენივრად იყენებს. ის წარსულში ცნობილ რომელიმე ქართველ ფეხბურთელთან არ შეუდარებიათ, მაგრამ შესადარებლად სხვა ქვეყნებისკენ თუ გავიხედავთ, უცებ სამი მოთამაშე გაგვახსენდება – იულიან დრაქსლერი, იულიან ბრანდტი და ლეროი სანე. კვარაცხელია, რომელმაც ქართულ უმაღლეს ლიგაში სადებიუტო მატჩი 16 წლისამ ჩაატარა, სამი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა ჩაიწერა.“

 

ხვიჩა კვარაცხელია „გარდიანმა“ იულიან დრაქსლერს, იულიან ბრანდტს და ლეროი სანეს შეადარა