ჟიული შარტავას დაბადების დღის აღსანიშნავად, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა საქართველოს ეროვნული გმირის ბიუსტი ყვავილებით შეამკეს.
საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას დაბადებიდან 78-ე წელს, რუსთავში ეროვნული გმირის სახელობის სკვერი გაიხსნება.
რუსთავის მერიის ინფორმაციით, მე-8 მიკრორაიონში არსებულ ახალ რეკრეაციულ სივრცეს, სამუშაოების დასრულების შემდეგ ჟიული შარტავას სახელი რუსთავის მერ ნინო ლაცაბიძის ინიციატივით და მოსახლეობის თხოვნით მიენიჭება.
მათივე ცნობით, ნინო ლაცაბიძის ინიციატივით, უახლოეს მომავალში რუსთავში არსებული გმირთა მემორიალების აღდგენა-რეაბილიტაციაც იგეგმება. რეაბილიტაცია ჩაუტარდება დიდების ხეივანს და ჟიული შარტავას სახელობის მოედანსაც.
როგორც რუსთავის მერიაში აცხადებენ, საქართველოს ეროვნულ გმირს რუსთავთან განსაკუთრებული ურთიერთობა აკავშირებდა. მისი სახელობის ახალი სკვერის მოწყობის სამუშაოებს რუსთავის მერია უახლოეს მომავალში დაასრულებს.