რატომ იყვნენ დინოზავრები ან მხოლოდ ძალიან პატარები, ან მხოლოდ გიგანტურები — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება
რატომ იყვნენ დინოზავრები ან მხოლოდ ძალიან პატარები, ან მხოლოდ გიგანტურები — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება

ამერიკელ მეცნიერთა ჯგუფმა აჩვენა, რომ ხორცისმჭამელ უზარმაზარ დინოზავრთა ნაშიერები, რომლებიც შინაური კატის ზომიდან უზარმაზარ მონსტრებამდე იზრდებოდნენ, საკუთარ ეკოსისტემებს უფრო პატარა, კონკურენტი სახეობების დაჯაბნის გზით ცვლიდნენ.

მათი კვლევა, რომელიც ჟურნალ Science-ში გამოქვეყნდა, გვეხმარება, ამოვხსნათ ერთი დიდი საიდუმლო, რომელიც პლანეტაზე დინოზავრების 150 მილიონ წლიან მბრძანებლობას ეხება: რატომ იყო მაშინ ამდენი დიდი სახეობა, ვიდრე პატარა, რაც სრულიად ეწინააღმდეგება ხმელეთის ცხოველებში არსებულ დღევანდელობას?

„დინოზავრების საზოგადოებები პარასკევი შუადღის შემდეგ ახალგაზრდებით გადაჭედილ სავაჭრო ცენტრებს წააგავდა. ისინი სახეობაში ინდივიდთა მნიშვნელოვან წილს შეადგენდნენ და ძალიან რეალური გავლენა უნდა ჰქონოდათ საზოგადოებებისთვის ხელმისაწვდომ რესურსებზე“, — ამბობს კვლევის ავტორი ნიუ-მექსიკოს უნივერსიტეტიდან, კეტ შროდერი.

მიუხედავად ნამარხების სიმწირისა, მიჩნეულია, რომ ზოგადად, დინოზავრები დიდი მრავალფეროვანი არ იყვნენ — ჩვენთვის ცნობილია მხოლოდ 1500 სახეობა, დღეს კი თანამედროვე ძუძუმწოვრებსა და ფრინველებში ათასობით სახეობა გვაქვს.

გარდა ამისა, მთელი მეზოზოური ხანის განმავლობაში, 252-66 მილიონი წლების წინ, შედარებით უფრო მეტი იყო დიდტანიანი, 1000 კგ-ზე მეტი წონის დინოზავრების სახეობები, ვიდრე პატარა, 60 კგ-მდე სახეობები.

ზოგიერთი მეცნიერის აზრით, გამომდინარე იქიდან, რომ ყველაზე გიგანტური დინოზავრებიც კი სულ ერთი ციცქნები იჩეკებოდნენ, შესაძლოა, ისინი ზრდისას სხვანაირ რესურსებს იყენებდნენ და იკავებდნენ ადგილს ეკოსისტემებში, სადაც წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება უფრო პატარა სახეობები გაბატონებულიყვნენ.

ამ თეორიის შესამოწმებლად, შროდერმა და მისმა კოლეგებმა მსოფლიოს სხვადასხვა ადგილებში აღმოჩენილი ნამარხები შეისწავლეს, სულ 550-მდე სახეობა და დინოზავრები დააჯგუფეს როგორც ზომების, ისე იმის მიხედვით, ისინი ბალახისმჭამელები იყვნენ თუ ხორცისმჭამელები.

აღმოჩნდა, რომ ყველა იმ სახეობაში, რომლებსაც მეგათეროპოდები, ანუ ტირანოზავრ რექსის მსგავსი გიგანტური მტაცებლები ჰყავდა, შეიმჩნეოდა საშუალო ზომის ხორცისმჭამელთა არარსებობა.

„იმ საზოგადოებებში, რომლებშიც მეგათეროპოდები იყვნენ, ძალიან ცოტა იყო 100 – 1000 კგ-მდე ხორცისმჭამელი დინოზავრები. ამავე დროს, ზუსტად ამ სივრცეს იკავებდნენ ამ მეგათეროპოდთა ნაშიერები“, — ამბობს შროდერი.

ამ დასკვნას მხარს უჭერს ის გზაც, რომლითაც დროთა განმავლობაში შეიცვალა დინოზავრთა მრავალფეროვნება. იურულ საზოგადოებებში (200-145 მლნ წლის წინ) ასეთი ნაპრალი (ზომებს შორის) უფრო პატარა იყო, ვიდრე უფრო გვიანდელ ცარცულ საზოგადოებებში (145-56 მლნ წლის წინ).

იმიტომ, რომ იურულ მეგათეროპოდთა ახალგაზრდა ნაშიერები უფრ ზრდასრულებს ჰგავდნენ და არსებობდა გრძელკისერა ბალახისმჭამელ ზავროპოდთა უფრო დიდი მრავალფეროვნება, რომლებზეც ისინი ნადირობდნენ.

„მეორე მხრივ, ცარცულ პერიოდში სრულად დომინირებდნენ ტირანოზავრები და აბელიზავრიდები, რომლებიც ზრდასთან ერთად ძალიან იცვლებოდნენ“, — აღნიშნავს შროდერი.

საკუთარი თეორიის მათემატიკურად შესამოწმებლად, მკვლევართა ჯგუფმა ნამარხებზე დაყრდნობით გამოთვალა, მოცემული ასაკის რამდენი ახალგაზრდა მეგათეროპოდი უნდა გადარჩენილიყო ყოველწლიურად.

ამ სტატისტიკურმა მეთოდმა, რომელიც ახალგაზრდა დინოზავრებს ცალკე სახეობად მიიჩნევდა, უზუსტესად ახსნა ნამარხებში შემჩნეული ის ნაპრალი, რომელსაც საშუალო ზომის ხორცისმჭამელთა არარსებობა იწვევდა.

შროდერის თქმით, გარდა იმისა, რომ პასუხს სცემს დიდი ხნის თავსატეხს, ეს კვლევა წარმოგვიჩენს, რამდენად ღირებულია ეკოლოგიური მოსაზრებების გამოყენება დინოზავრებთან მიმართებაში.

„ვფიქრობ, ცოტა წინ წავიწიეთ დინოზავრების, როგორც ცხოველების და არა როგორც ზღაპრული არსებების აღქმის თვალსაზრისით“, — ამბობს კვლევის ავტორი ნიუ-მექსიკოს უნივერსიტეტიდან, კეტ შროდერი.

კვლება ჟურნალ Science-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია Agence France-Presse-ის მიხედვით.