ეს ციცქნა, პატარაფრთიანი დინოზავრები ქათმებზე ცუდად ფრინავდნენ — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება
ეს ციცქნა, პატარაფრთიანი დინოზავრები ქათმებზე ცუდად ფრინავდნენ — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება

ორი ციცქნა, ღამურის მსგავსი ფრთების მქონე დინოზავრის აღმოჩენა რამდენიმე წლის წინ პალეონტოლოგების ნამდვილი ოცნება იყო. ფრინველებში ფრენის უნარის გაჩენა-განვითარებას მეცნიერები დღემდე სწავლობენ და შესაბამისად, ღამურის მსგავსი ფრთების ადრეული ევოლუცია რაღაც ისეთია, რამაც შეიძლება, საკვანძო ცნობები მოგვაწოდოს.

მკვლევართა ჯგუფმა ახლახან დაადგინა, რომ ფრთების ქონა მათთვის სულაც არ ნიშნავდა იმას, რომ კარგად ფრინავდნენ.

Yi qi და Ambopteryx longibrachium-ი თეროპოდ დინოზავრთა ორი სახეობაა, რომლებიც დაახლოებით 160 მილიონი წლის წინ ბინადრობდნენ; ორივე მათგანს ჰქონდა უჩვეულოდ წაგრძელებული თითები, რომელთა შორის გაჭიმული იყო კანის მემბრანა, ზუსტად ღამურის ფრთების მსგავსად.

ეს გახლავთ სრულიად განსხვავებული სახის ფრთები მათ შორის, რაც კი თეროპოდებს საფრენად განუვითარდათ — დინოზავრებს, რომლებიც თანდათანობით ფრინველებად იქცნენ. მათგან განსხვავებით, რამდენიმე მილიონი წლის შემდეგ, Yi qi და Ambopteryx longibrachium-ი გადაშენდნენ, რაც პირველი მინიშნებაა იმისა, რომ ეს უჩვეულო ფრთები არ ემთხვევა იმას, რაც ფრინველებს უნდა ჰქონოდათ.

თუმცა, ასეთი უცნაური ფრთები აშკარად იმას ნიშნავს, რომ დროთა განმავლობაში მრავალი სხვადასხვა ტიპის ფრთები განვითარდა და Yi qi-სა და Ambopteryx longibrachium-ის სტრატეგია ნამდვილად არ იყო ის, რაც გამარჯვებამდე მივიდოდა.

მიუხედავად ამისა, იქამდე, ვიდრე Yi qi-სა და Ambopteryx longibrachium-ის ევოლუციას ფრენაში კრახს ვუწოდებთ, საჭიროა ვიცოდეთ, რამდენად კარგად ფრინავდა ეს ორი სახეობა.

2015 წელს, როდესაც Yi აღმოაჩინეს, მისი ფრთების ზომამ და ფრენის სხვა მახასიათებლებმა მკვლევართა ჯგუფს აფიქრებინა, რომ ის სრიალით ფრინავდა, მაგრამ არ ჰგავდა ჩვენთვის ცნობილ ასე მფრენ არც ერთ სხვა სახეობას; უფრო მეტიც, მისი მასის ცენტრი ისე უნდა ყოფილიყო განლაგებული, რომ მისთვის სრიალით ფრენაც რთული უნდა ყოფილიყო. თუმცა, მეცნიერები ამაში დარწმუნებული არ იყვნენ.

ახალი კვლევის ფარგლებში, ამერიკელმა და ჩინელმა მეცნიერებმა Yi-სა და Ambopteryx-ის ფრენის პოტნეციალი უფრო დეტალურად შეისწავლეს და მივიდნენ დასკვნამდე, რომ მათ ნამდვილად არ ეხერხებოდათ იმ ხეებიდან კარგად გადმოფრენა, რომლებზეც ბინადრობდნენ.

„ლაზერით სტიმულირებული ფლურესცენციური ვიზუალიზაციით, ჩვენ ხელახლა შევაფასეთ მათი ანატომია და შევასრულეთ აეროდინამიკური გათვლები, მათ შორის ფრენის პოტენციალი, ფრთებზე დაფუძნებული სხვა ქცევები და სრიალის უნარები“, — წერენ ავტორები.

როგორც ისინი იუწყებიან, მიუხედავად იმისა, რომ Yi და Ambopteryx-ი სავარაუდოდ ხეზე მობინადრენი იყვნენ, ძლიერ სავარაუდოა, ფრენის რაიმე უნარი ჰქონოდათ, რადგან აღენიშნებათ მნიშვნელოვანი ნაკლებობა ფარფატზე დაფუძნებულ გადაადგილების უნარში და სრიალის შეზღუდული შესაძლებლობა.

ნამარხებზე ჩატარებულმა ანალიზებმა გამოავლინა რბილ ქსოვილთა მცირე დეტალებიც.

ამის შემდეგ, ჯგუფმა შექმნა ამ დინოზავრთა ფრენის მოდელი, რაც ეფუძნებოდა მათ წონას, ფრთების შლილსა და კუნთების განლაგებას.

შედეგები მართლაც გასაოცარი აღმოჩნდა…

„მათ ფრენა ნამდვილად არ შეეძლოთ“, — ამბობს კვლევის პირველი ავტორი, მაუნთ-მარტის უნივერსიტეტის ბიოლოგი თომას დეკეჩი.

ჯგუფის მოდელის მიხედვით, ამ პატარა დინოზავრთა ფრენის უნარი ქათმებზე მნიშვნელოვნად ცუდი უნდა ყოფილიყო. ასეთი შედეგი კი კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ დინოზავრებს ფრენის უნარი (სულ მცირე, ამის მცდელობა მაინც) რამდენჯერმე განუვითარდათ.

კვლევა ჟურნალ iScience-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.