ნაირა გელაშვილი - ჩემთვის ნებისმიერი ადამიანის შეფასების მთავარი კრიტერიუმია, რა მიმართება ქონდა სააკაშვილის რეჟიმთან
ნაირა გელაშვილი - ჩემთვის ნებისმიერი ადამიანის შეფასების მთავარი კრიტერიუმია, რა მიმართება ქონდა სააკაშვილის რეჟიმთან

მწერალი ნაირა გელაშვილი აცხადებს, რომ მისთვის ნებისმიერი ადამიანის შეფასების მთავარი კრიტერიუმია, რა მიმართება ქონდა მას მიხეილ სააკაშვილის რეჟიმთან.

მწერლის თქმით, მოზარდებში და საერთოდ ქართულ საზოგადოებაში აგრესიის ერთ-ერთი მიზეზი არის წარსულის შეუფასებლობა.

„მოხდება უბედურება,  შემდეგ ეს ჩაივლის და ცხოვრება გაგრძელდება. ჩვენ არ ვარქმევთ სახელს საკუთარ წარსულს. გვეშნია, სინამდვილეს თვალეში შევხედოთ. განახლება კი, მწარე სიმართლით იწყება.

რაც ჩვენ გადავიტანეთ ტოტალიტარიზმის პერიოდში, ეს იყო ტოტალური აგრესიისა და ძალადობის ორგანიზებულობა. როგორ შეიძლება, ამას ისე გასცდე, რომ შეფასება არ მისცე? ერთი პერიოდი იყო საუბარი ლუსტრაციის კანონზე, მაგრამ შემდეგ, ეს ისე ჩაფარცხა ქართულმა საზოგადოებამ, როგორც სჩვევია. ჩვენ მშიშარა ხალხი ვართ.

არ შეფასებულა 90-იანი წლებიც. აგრესიული ნაციონალიზმი, რომელიც იმ პერიოდში იყო და რომელსაც დღემდე პატრიოტიზმს ეძახიან, უნდა შეფასდეს, როგორც მიუღებელი, მაგრამ ჩვენ დღეს ვხედავთ ამ პერიოდის რომანტიზაციას და ამაზე სერიოზულად არ ვსაუბრობთ. ყველა ბელადს ყავს ნერვიული და ნევრასტენიული მიმდევრები და ისინი აშინებენ საზოგადოებას, რომ ხმა ამოიღოს და თქვას სიმართლე. საერთოდ, უცხოელი მეცნიერები ჯერ კიდევ XIX საუკუნეში აღნიშნავდნენ, რომ ქართველები ყველაზე ნერვიული ხალხი ვართ მთელს კავკასიაში.

ამას შემდეგ მოყვა 9 წლიანი ლოკალური ფაშიზმი – სააკაშვილის პერიოდი. ქართველის ბუნება ისეთია, რომ დაძაბულობას დიდხანს ვერ იტანს და ურჩევნია, ფსევდოელიტარული სიმაღლე მოიგონოს და თქვას, რომ არ შეიძლება, მუდმივად გვამებზე ლაპარაკი და ახლა წინ უნდა წავიდეთ. ეს ნიშნავს, რომ ამ გვამებს უნდა გადააბიჯო.

ჩემთვის კი ნებისმიერი ადამიანის შეფასების მთავარი კრიტერიუმი არის ის, თუ რა მიმართება ქონდა მას სააკაშვილის რეჟიმთან და როგორი იყო მისი პოზიცია. ასევე – რა მიმართება ქონდა 90-იან წლებთან და როგორია მისი პოზიცია დღეს“, – განაცხადა ნაირა გელაშვილმა პირველ არხთან საუბრისას.