ნაირა გელაშვილი - გვეუბნებიან, როდემდე უნდა ვილაპარაკოთ ამ ცხრა წელიწადზე, როდემდე და სანამ ცოცხლები ვართ, იქამდე ვილაპარაკებთ
ნაირა გელაშვილი - გვეუბნებიან, როდემდე უნდა ვილაპარაკოთ ამ ცხრა წელიწადზე, როდემდე და სანამ ცოცხლები ვართ, იქამდე ვილაპარაკებთ

გვეუბნებიან, როდემდე უნდა ვილაპარაკოთ ამ ცხრა წელიწადზე, როდემდე და სანამ ცოცხლები ვართ, იქამდე ვილაპარაკებთ, – ამის შესახებ მწერალმა, ნაირა გელაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „საპრეზიდენტო არჩევნები 2018“ განაცხადა.

„მართლმსაჯულება არ აღსრულდა, თორემ ბატონი სააკაშვილი რომ ჩამობრძანდეს და წაბრძანდეს იქ, სადაც მისი ადგილია, ანუ ციხეში, მისი ამალაც მიჰყვეს, სასჯელი მოიხადონ და მერე დაუბრუნდნენ ცხოვრებას და არა პოლიტიკას, რა თქმა უნდა, მერე დიდი დანაშაულია, ადამიანს წარსული ცხვირწინ უფრიალო და საშუალება არ მისცე, ცხოვრებას დაუბრუნდეს“, – განაცხადა გელაშვილმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, უნდა მომხდარიყო თუ არა 9-წლიანი მოვლენების შეფასება კულტურული ელიტების მიერ და რა როლი აქვთ მათ ამ პროცესში, ნაირა გელაშვილმა განაცხადა, რომ ცალკეულმა ადამიანებმა, შემოქმედებითი და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებმა, ეს როლი არა თუ არ შეასრულეს, კოაბიტაცია თავადაც განახორციელეს.

„იცით, რით განახორციელეს?! თუნდაც, „რუსთავი 2-ში“ მისვლით. „რუსთავი 2“ იგივე „ნაციონალური მოძრაობაა“, მისი პროპაგანდისტული მანქანა, ცინიზმის, წამებისა და ყველანაირი უბედურების გამმართლებელი, სათავე, ბუდე, ჩვენი ქვეყნის დამღუპველი და თუ პრინციპი გაქვს, იქ როგორ მიდიხარ?!“, – განაცხადა გელაშვილმა. 

მისი თქმით, ის კოაბიტაციას არ პატიობს „ქართულ ოცნებას“, მაგრამ ამას მით უფრო არ პატიობს კულტურული ელიტების წარმომადგენლებს.

„მე დავწერე, რომ დღეს, საქართველოში, ღირსების განცდა იმას აქვს შენარჩუნებული, ვისაც ახსნა არ სჭირდება, რატომ არ უნდა მიიღოს მონაწილეობა მაგალითად, „ნანუკას შოუში“. ეს „ნანუკას შოუ“ არის, როგორც კრებსითი სახე ყვითელი, ყალბი გზავნილებისა. ეს სიტყვაზე, თორემ მათი ყველა შოუ ასეთია. მაგალითად, „ვანოს შოუ“, რომელიც ამდენი ხანია, ანეკდოტის დონეს ვერ გასცდა. ხომ უნდა იყოს რაღაც სოციალური, პოლიტიკური სატირა?! არა, ეს ანეკდოტის დონეა და მისი არსებობის მანძილზე დაცინულია და მიწასთან არის გასწორებული ყველა საკაცობრიო იდეალი, რაც შეიძლება, ადამიანს ჰქონდეს, რაღაც წმინდა წარმოდგენა, ეროვნული იდეალი, რაღაც ჩვენი სიწმინდე და რაღაც ჩვენი საყვარელი რამ“, – განაცხადა გელაშვილმა.

როგორც მწერალმა აღნიშნა, ცინიზმისა და დამცინაობის დამკვიდრება გაცილებით უფრო საშიშია, ვიდრე ფიზიკური ძალადობა, რომელსაც თავისი სახელი აქვს, ხედავ და ა.შ.

„ცინიზმი ნეოლიბერალურ-კაპიტალისტური ელიტების ენაა და ადამიანს ყველაფერზე მეტად, დაცინვის ეშინია. ნახეთ, რა ხდება სოციალურ ქსელებში, როგორ არის დაცინვის მანქანა ამოქმედებული“, – განაცხადა გელაშვილმა.