ნაირა გელაშვილი - გრიგოლ ვაშაძემ მოიგონა გაერთიანებული ოპოზიცია, რომლის შემადგენელი ერთეულები, როგორც პოლიტიკური პარტიები რეალურად არც არსებობენ
ნაირა გელაშვილი - გრიგოლ ვაშაძემ მოიგონა გაერთიანებული ოპოზიცია, რომლის შემადგენელი ერთეულები, როგორც პოლიტიკური პარტიები რეალურად არც არსებობენ

გრიგოლ ვაშაძემ მოიგონა ეს რაღაც გაერთიანებული ოპოზიცია, რომლის შემადგენელი ერთეულები, როგორც პოლიტიკური პარტიები რეალურად არც არსებობენ, – ამის შესახებ მწერალმა, ნაირა გელაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „საპრეზიდენტო არჩევნები 2018“ განაცხადა.

„ნაციონალებთან და მათ მომხრეებთან საერთოდ რაზე ვკამათობთ?! ჩვენ ათი მცნების სისწორეზე ვკამათობთ, რომ კაცის კვლა, ადამიანის შეურაცხყოფა, მისთვის ღირსების აყრა, გაუპატიურება, დამცირება და ა.შ არ შეიძლება. მით უმეტეს, არ შეიძლება მასობრივად და ასე, როცა ამას შემთხვევითი და ცალკეული გამოვლინებების ხასიათი კი არ აქვს, არამედ როცა ეს უკვე სისტემა და ქვეყნის მართვის მეთოდია“, – განაცხადა გელაშვილმა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ სახით, საქმე გვაქვს ნეობოლშევიზმთან, ფაშიზმთან და დემოკრატიული ფასადის უკან, რაც სისხლითა და გვამებითაა ამოვსებული, ინგლისურად მოლაპარაკე აღმოსავლური დესპოტია დგას.

„მაშასადამე, როცა ადამიანი ამას უჭერს მხარს, ის საქართველოში ფაშიზმს უჭერს მხარს“, – განაცხადა გელაშვილმა. 

მისი თქმით, გრიგოლ ვაშაძე არის ერთადერთი მიზნით გამოგზავნილი ადამიანი, რომ მიხეილ სააკაშვილი ჩამოიყვანოს და შეიწყალოს, მასთან ერთად, გაქცეული სისხლის სამართლის დამნაშავეებიც ჩამოიყვანოს და ციხიდან ჯალათები, მწამებლები და ადამიანთა ღირსების ამყრელები გამოუშვას.

„სხვა რა მისია უნდა ჰქონდეს?! ერთადერთი, შეწყალების უფლება აქვს. დანარჩენი, თითქმის, არაფერი ისეთი უფლება არ აქვს, რომ ეკონომიკაზე, პოლიტიკაზე ან რამეზე რაღაცნაირი ზეგავლენა მოახდინოს. რა მექანიზმებით უნდა გაზარდოს ხელფასები, ან პენსია?! მისი დაპირებები, ეს ყველაფერი ტყუილია“, – განაცხადა გელაშვილმა.

როგორც გელაშვილმა აღნიშნა, პირველ ტურში დაბნეულობა იყო, არჩევნების მეორე ტურში კი, ვინც ხმას გრიგოლ ვაშაძეს აძლევს, ის „ნაციონალურ მოძრაობას“ აძლევს ხმას.

„პირველ ტურში დაბნეულობა იყო. ბევრმა რაღაცები ვერ გაიგო და ამ ადამიანს დაუჯერა, მაგრამ მეორე ტურში ვეღარავინ იტყვის, რომ შეეშალა, ან ეშლება“, – განაცხადა ნაირა გელაშვილმა.