ნაირა გელაშვილი - ჩვეულებრივი სიყალბეა დამოკიდებულება, რომ მწერლის ფუნქცია პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობა არ არის
ნაირა გელაშვილი - ჩვეულებრივი სიყალბეა დამოკიდებულება, რომ მწერლის ფუნქცია პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობა არ არის

ჩვეულებრივი სიყალბეა დამოკიდებულება, რომ მწერლის ფუნქცია პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობა არ არის, – განაცხადა მწერალმა, ნაირა გელაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „საპრეზიდენტო არჩევნები 2018“.

„ქართველი მწერლების წინამორბედი და ნიმუში, ილია ჭავჭავაძე, თითქმის, პოლიტიკოსი იყო, იგივე სულხან საბა ორბელიანი კი – დიპლომატი. თანამედროვე მწერლებს რაც შეეხება, მათ მაგივრად ვერ ვილაპარაკებ, მაგრამ არჩევნებზე ხომ მიდიხარ?! ესე იგი, შენ უკვე პოლიტიკაში ხარ ჩართული და რატომ იჭერ თავს ისე, თითქოს, პოლიტიკაში არ მონაწილეობ?! თუ არჩევნებში მონაწილეობ, შენ პოლიტიკაში ჩართული და მონაწილე ადამიანი ხარ. აბა, ვის ირჩევ?! პარტიას ირჩევ ან პრეზიდენტს და მორჩა ხომ?! როგორ, არჩევნებზე დადიხარ და დანარჩენში არაფერში არ გინდა, მონაწილეობა მიიღო?! არ გინდა, ხალხს აუხსნა, რა პოზიცია გაქვს, მხარს რა ღირებულებებს უჭერ და ა.შ?! ეს სრულიად გაუგებარი რამ არის“, – განაცხადა გელაშვილმა.

ამ განცხადებით ნაირა გელაშვილმა გადაცემის ერთ-ერთი წამყვანის, ანალიტიკოს, ტატო ხუნდაძის შეკითხვას უპასუხა, რამდენად აქვთ სოციალური მგრძნობელობა ქართველ მწერლებს, რომლებიც ხშირად ეთიკური ნეიტრალურობის პოზაში არიან, როცა სამოქალაქო პროცესები მათთვის საინტერესო არ არის და რამდენად სწორია თანამედროვე მწერლების მოსაზრება, რომ ამ პროცესებში მონაწილეობა მწერლის ფუნქცია არ არის.

ნაირა გელაშვილმა ასევე განაცხადა, რომ ჩვენ აღმოგვაჩნდა უნარი, არ შევქმნათ და უბრალოდ, არ დავწეროთ ჩვენი უახლესი ისტორია. 

„ეს რომ გაკეთებულიყო, ამდენი ლაპარაკი ხომ აღარ დაგვჭირდებოდა?! მე მაგალითად, ამის ფინანსური საშუალება რომ მქონდეს, აუცილებლად დავაფინანსებდი მკვლევარების ჯგუფს, რომელსაც უკანასკნელი 30 წლის ისტორიას დავაწერინებდი, ყველა პარამეტრში ობიექტურად, ვიდრე, კიდევ შეიძლება“, – განაცხადა გელაშვილმა.

მისი თქმით, ჩვენ ვართ ხალხი, რომელიც არქივებს კარგავს და ანადგურებს, ყველაფერს ფანტავს და არაფერს ინახავს.

„ჩვენ ევროპა არ ვართ. ევროპა არის შენახვა, დახარისხება, კლასიფიკაცია, არქივი და ა.შ. ჩვენ კი, ეს ხალხი არ ვართ. მაგალითად, მარქსიზმ-ლენინიზმის ინსტიტუტი რომ იყო, მთელი არქივი განადგურდა. ამის გაკეთება როგორ შეიძლებოდა?! ეს ხომ ჩვენი ისტორია იყო?! რომ ჰკითხო, ისტორიას ძალიან დიდ პატივს ვცემთ, მაგრამ ეს ტყუილია, რადგან სინამდვილეში, ჩვენ ისტორია გვეჯავრება“, – განაცხადა გელაშვილმა.

როგორც მწერალმა აღნიშნა, არ შეიძლება, არ არსებობდეს უახლესი ისტორიის სახელმძღვანელო და ის სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში არ ისწავლებოდეს.

„ამიტომ არის, ჩვენ რომ ვერ ვიზრდებით და სულ ასე ვიქნებით. არსებობს რაღაც არსებითი აუცილებლობა იმისთვის, რომ ერი წინ წავიდეს და ქვეყანა განვითარდეს. ერთი არის განათლება, მეორე წარსულის, ყველაფრის გაანალიზება, რომ ის აღარ გაიმეორო და ა.შ. არსებობს რაღაც ფუნდამენტური მონაცემები, მაგრამ ამ ქვეყანას ამის რამე ტენდენციას ამჩნევთ?! მე ვერ ვამჩნევ“, – განაცხადა ნაირა გელაშვილმა.