ნაირა გელაშვილი - საქართველოში ათასობით არასამთავრობო ორგანიზაციაა და ვინ რას აკეთებს, ვერ გაიგებ
ნაირა გელაშვილი - საქართველოში ათასობით არასამთავრობო ორგანიზაციაა და ვინ რას აკეთებს, ვერ გაიგებ

ჩემი აზრით, ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს ზუსტი ინფორმაცია, რა ფული შემოდის საზღვარგარეთიდან და რისთვის შემოდის, – ამის შესახებ მწერალმა, ნაირა გელაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „საპრეზიდენტო არჩევნები 2018“ განაცხადა.

„საქართველოში ათასობით არასამთავრობო ორგანიზაციაა და ვინ რას აკეთებს, ვერ გაიგებ, ეს სამართლებრივი საკითხი მგონია. ასე ხომ არ შეიძლება და ეს პრობლემა ჩვენი თავში სახლელი ხომ არ უნდა იყოს?! ევროპული ქვეყნის სახელმწიფო სტრუქტურა, ფონდი, თუ გაერთიანება, ფულს რაღაცისთვის გაძლევს. ან იმისთვის, რომ მაგალითად, საზოგადოებრივი ცნობიერების დემოკრატიზაცია მოახდინო, ან ვთქვათ, ნორმები დანერგო, ან სიტყვაზე, პატიმრების მდგომარეობა გააკონტროლო და ა.შ. გააჩნია ხომ, ამ ფულს რისთვის გაძლევს და სახელმწიფომ ხომ უნდა ჩაიხედოს, ვინ არის, რა არის, რა პროფილი აქვს, ფულს რატომ აძლევს, ამას ასრულებს, თუ რას აკეთებს ამის ნაცვლად?!“, – განაცხადა გელაშვილმა.

ამ განცხადებით ნაირა გელაშვილმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, როგორია დღევანდელ საზოგადოებაში არასამთავრობო ორგანიზაციების, ხშირშემთხვევაში, სოციალური ჯგუფებისგან დისტანცირებული ნაწილის პასუხისმგებლობა.

როგორც გელაშვილმა აღნიშნა, როდესაც ამ გაღატაკებულ ქვეყანაში ფული შემოდის, ეს თავისთავად შესაძლებლობაა, რადგან გადასახადების სახით, ბიუჯეტში უამრავი ფული შედის და ა.შ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ გააკონტროლო, ამ ფულს ვინ რაში იღებს და როგორ ხარჯავს.

მწერალმა ასევე განაცხადა, რომ არასამთავრობო სექტორში ძალიან ზერელე განათლების კონცენტრაცია მოხდა, ადამიანებს ინდივიდუალური განათლების გზა არ აქვთ გავლილი და მათი ცოდნა ისეთნაირად არის მოპოვებული, რომ მას საკუთარ კულტურასთან არავითარი კავშირი არ აქვს და ისინი საკუთარი ქვეყნის კულტურული წარსულის მემკვიდრეები არ არიან, რაც დიდი პრობლემაა.

„მათ ამიტომ დაერქვათ ახალი კომკავშირი, რადგან ისინიც ზუსტად ასე იყვნენ. მათ ფუნდამენტური განათლება ნაკლებად ჰქონდათ და იყო იდეოლოგია. ძირითადად, ამ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებსაც იდეოლოგიური განათლება აქვთ, თუ არ ჩავთვლით, რომ იქ იურისტები და ა.შ სჭირდებათ, მაგრამ ესეც ვიწრო დარგობრივი განათლებაა“, – განაცხადა ნაირა გელაშვილმა.

მისივე თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციების დიდი ნაწილი აბსოლუტურად თავის თავზეა კონცენტრირებული, თავის თავშია ჩაკარგული, საზოგადოებასთან კავშირი აქვს გაწყვეტილი და ამიტომ, ფართო მასების აღქმაში, ეს საუკეთესო შემთხვევაში, გაუგებარი ფენომენია.

„ასეთი წარმონაქმნი, როგორიც არის არასამთავრობო ორგანიზაციები, იდეოლოგიური წარმონაქმნია, რაღაც სტერეოტიპებისა და კლიშეების დამამკვიდრებელი და მანდ გარკვეული ტიპის ადამიანი მიდის. ის, ვისაც მორალური არაადეკვატურობა ნაკლები აქვს. რა თქმა უნდა, ეს ყველას არ ეხება, ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ ტიპი, ძირითადად, ასეთია. მას უშუალობა, მგრძნობელობა და ადამიანური ენა არ ახასიათებს და ა.შ“, – განაცხადა ნაირა გელაშვილმა.