დიმიტრი ხუნდაძე - რაც უფრო ახლოვდება არჩევნები, მით უფრო ძლიერდება საზოგადოებაზე ზეწოლის მიზნით ამუშავებული დეზინფორმაციული მანქანა
დიმიტრი ხუნდაძე - რაც უფრო ახლოვდება არჩევნები, მით უფრო ძლიერდება საზოგადოებაზე ზეწოლის მიზნით ამუშავებული დეზინფორმაციული მანქანა

რაც უფრო ახლოვდება არჩევნები, მით უფრო ძლიერდება საზოგადოებაზე ზეწოლის მიზნით ამუშავებული დეზინფორმაციული მანქანა, – ამის შესახებ „ხალხის ძალა“ წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო ოპოზიციის განცხადებების პასუხად განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლებმა არასწორი ციფრები წარმოადგინეს სხდომაზე.

„მათ მინდა ვკითხო, თუკი საზოგადოების ბედი მართლა აწუხებთ, მათ დროს  რატომ იყო: სიღარიბე ორჯერ მეტი, საშუალო ხელფასი 2, 5-ჯერ ნაკლები, პენსია 2-4-ჯერ ნაკლები? ემიგრანტთა რიცხვი ხუთჯერ მეტი, პატიმარი 2,5-ჯერ მეტი, ვიდრე დღეს არის? ისინი ამ ბოლო პერიოდში ხშირად საუბრობენ დემოგრაფიაზე. წარსულს შევახსენებ, რომ მათ გააუქმეს მრავალშვილიანი დედის სტატუსი, გაყიდეს საბავშვო ბაღები და რაც ვერ გაყიდეს, ის ფასიანი გახადეს. დეზინფორმაციას თავი დაანებეთ, თუმცა მე შემიძლია, როზნერს მადლობა ვუთხრა, რომ თქვენი, როგორც მატყუარების სახე უფრო კარგად გამოფინა და საზოგადოებისთვის კიდევ უფრო ამოცნობადი გახდით“, – მიმართა დიმიტრი ხუნდაძემ ოპოზიციას.

მან ასევე ისაუბრა მოსამართლეების მიმართ ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე.

„ქუჩაშიც დაიწყეს ქართული სასამართლოს მადისკრედიტირებელი წარწერების კეთება. პრობლემაა, როცა გამოხატვის თავისუფლების სახელით პოლიციელს ცეცხლს უკიდებენ მთავარ პოლიტიკურ მოედანზე და სამართლის უზრუნველყოფის სახელით საელჩოში აკეთებენ მოსამართლის გადაწყვეტილების რევიზიას და ბულინგის მსხვერპლი ხდება არა მხოლოდ მოსამართლე, არამედ მისი ოჯახიც“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

მისივე თქმით, ეს ყველაფერი ხდება გარე დაფინანსებით, უცხოური კუპიურების წყალობით.

„ალბათ ახლა მაინც ხვდება საზოგადოების უდიდესი ნაწილი, რატომ გვინდოდა, შემოგვეღო გამჭვირვალობის შესახებ კანონი, რომელიც უზრუნველყოფდა საზოგადოების სიმართლით ინფორმირებას, საიდან შემოდის და რაში იხარჯება ფული“, – აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.