ევროპულმა პოლიტიკურმა პარტიებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც საგარეო ჩარევისა და დეზინფორმაციისგან არჩევნების დაცვას ისახავს მიზნად
ევროპულმა პოლიტიკურმა პარტიებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც საგარეო ჩარევისა და დეზინფორმაციისგან არჩევნების დაცვას ისახავს მიზნად

ევროპულმა პოლიტიკურმა პარტიებმა ხელი მოაწერეს ევროკომისიის შუამავლობით შემუშავებულ ქცევის წესებს 2024 წლის ევროპარლამენტის არჩევნებისთვის.

როგორც გამოცემა „ევროაქტივი“ წერს, ეს არის ფართო ძალისხმევის ნაწილი ევროკავშირის წინასაარჩევნო კამპანიის უცხოური ჩარევისა და დეზინფორმაციისგან დასაცავად.

მედიის ცნობით, შეთანხმება, რომელიც შედგა ღირებულებებისა და გამჭვირვალობის კომისიის ვიცე-პრეზიდენტის, ვერა ჟუროვას შუამავლობით, არის კომისიის „დემოკრატიის დაცვის პაკეტის“ ნაწილი და მიზნად ისახავს ევროპარლამენტის არჩევნების საგარეო ჩარევისა და დეზინფორმაციისგან დაცვას.

ყველა პარტიამ პირობა დადო, აქტიურად აიცილოს თავიდან ნარატივები, რომლებიც მომდინარეობს ევროკავშირის ფარგლებს გარეთ ორგანიზაციებისა და აქტორებისგან, წევრი პარტიების გარდა, განსაკუთრებით, თუ ისინი მიმართულია ევროპული ღირებულებების წინააღმდეგ.

მედიასაშუალება წერს, რომ აღნიშნული ქცევის წესების ხელმოწერა ევროპარლამენტში „კატარგეითისა“ და „რაშაგეითის“ სკანდალების შემდეგ ხდება. ევროკომისიის ცნობით, თავისი ხელმოწერით ევროპულმა პოლიტიკურმა პარტიებმა აიღეს ვალდებულება, დაიცვან საარჩევნო კამპანიების ჩატარების ეთიკური და სამართლიანი პრაქტიკა.

„გარე და შიდა საფრთხეებისგან ევროპაში არჩევნების სამართლიანობის დაცვასთან დაკავშირებით მზარდი შეშფოთებების ფონზე, პოლიტიური პარტიების მიერ აღებული ეს ვალდებულებები დიდ მნიშვნელობას იძენს“, – ნათქვამია ევროკომისიის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

„ევროპული პოლიტიკური პარტიების ეს კოლექტიური ვალდებულება მოქალაქეებს უგზავნის მძლავრ გზავნილს: ჩვენ უნდა დავიცვათ ევროპაში ჩვენი არჩევნების სამართლიანობა. ეს შეთანხმება ხელს შეუწყობს ამომრჩევლების ნდობის გაძლიერებას და საარჩევნო პროცესის მიმართ მათი ნდობის გაზრდას. არჩევნებმა უნდა შექმნას საფუძველი იდეების კონკურენციისთვის და არა ბინძური მანიპულაციური მეთოდებისთვის, როგორიცაა ხელოვნური ინტელექტის „დიპფეიკები“, – განაცხადა ვერა ჟუროვამ.