ნაირა გელაშვილი - მართლმსაჯულება ვერ აღვასრულეთ და მოვიგონეთ კოაბიტაცია, რომელიც ყველა ეთიკურ წარმოდგენას არღვევს, რაც კაცობრიობამ საუკუნეების განმავლობაში გამოიმუშავა
ნაირა გელაშვილი - მართლმსაჯულება ვერ აღვასრულეთ და მოვიგონეთ კოაბიტაცია, რომელიც ყველა ეთიკურ წარმოდგენას არღვევს, რაც კაცობრიობამ საუკუნეების განმავლობაში გამოიმუშავა

როგორ ფიქრობთ, „ნიურნბერგის პროცესი“ რომ არ ყოფილიყო, ფაშიზმი მენტალურად დამთავრდებოდა?!არა, არ დამთავრდებოდა! „ნიურნბერგის პროცესმა“ სწორედ ამას დაუსვა წერტილი, მაგრამ ამ პროცესის მიუხედავად, საზოგადოებაში ფაშიზმს გარკვეული რეციდივები აქვს, – განაცხადა მწერალმა, ნაირა გელაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „საპრეზიდენტო არჩევნები 2018“.

„არსებობს ნეონაცისტური მოძრაობები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ საქმე ისე სულაც არ იყო, რომ ჰიტლერს რაღაცებს აბრალებენ, აჭარბებენ და ა.შ. ახლა წარმოიდგინეთ, როცა ჩვენს ცხოვრებაში არ არსებობს არაფერი, რაც „ნიურნბერგის პროცესს“ შეესაბამება. ეს დამთავრდება?! არა, არ დამთავრდება!“, – განაცხადა გელაშვილმა.

მისი თქმით, თუ სახელმწიფოს სურს, რაღაც ახალი შეიქმნას, მწარე სიმართლით ანუ ლუსტრაციის კანონით უნდა დაიწყოს, ისე, როგორც ეს ევროპულ ქვეყნებში მოხდა.

„თუ მართლა გინდა, რაღაც ახალი შექმნა და საზოგადოება განახლდეს, უნდა გააკეთო ისე, როგორც აღმოსავლეთ ევროპაში გააკეთეს, როცა ახალი ცხოვრების აშენება დაიწყეს. ანუ ლუსტრაციის კანონით, დოსიეების გახსნით და. ა.შ. ეს მწარე სიმართლეა, განაჩენი, მაგრამ ამის გაკეთება აუცილებელია. აბა, იმდენმა მსხვერპლმა რა დააშავა, რომელსაც ამ ქვეყანაში ქომაგი აღარ რჩება?!“, – განაცხადა გელაშვილმა.

როგორც მწერალმა აღნიშნა, ამ ყველაფერთან ერთად, აუცილებელია მართლმსაჯულება, რომელიც პირად პატიებას ვერ შეენაცვლება. 

„შეიძლება, მე ჩემს ჯალათს ვაპატიო, მაგრამ სხვის ჯალათს ვერ ვაპატიებ და ა.შ. მართლმსაჯულების აღსრულების გარეშე, ჩვენ მუდმივად კრიმინალური ქვეყანა გვექნება. მართლმსაჯულება ვერ აღვასრულეთ და მოვიგონეთ ეს კოაბიტაცია, რომელიც ჩემი წარმოდგენით, ყველა ეთიკურ წარმოდგენას არღვევს, რაც კაცობრიობამ საუკუნეების განმავლობაში გამოიმუშავა. ხელისუფლებამ მოგვიწოდა, მკვლელებთან, მწამებლებთან და მათ მფარველებთან ვითანამშრომლოთ. მაშინ როცა ვაჟა ფშაველა გვეუბნება – „ბილწთ არ შევეკვრი ზავითა“, ხოლო სახარება გვეუბნება – „ნუ შეეზიარებით ბნელის უნაყოფო საქმეებს, არამედ ამხილეთ“, რაც სახარების ერთ-ერთი ლაიტმოტივია, განსაკუთრებით, პავლეს წერილებში“, – განაცხადა გელაშვილმა.

მისივე თქმით, სანამ მართლმსაჯულება არ აღსრულდება, შერჩევითი სამართალი სულ იქნება და ვისზეც ხელი მიგიწვდება, იმას დასჯი, ხოლო ვისზეც არ მიგიწვდება, არ დასჯი.

„თუ შენ ეთიკური და მართლმსაჯულების საფუძვლები მოარღვიე, ეს სახელმწიფო რაზე ავაშენოთ?! გამოდის, ვისაც ვერ იჭერ, არ იჭერ. ესე იგი, ხელი არ მიგიწვდება, სამართალი განახორციელო სააკაშვილზე, კეზერაშვილზე და დანარჩენებზე, მაგრამ მწამებლები მაინც დასაჯე. ასე როგორ შეიძლება, ასე როგორ უნდა ვიცხოვროთ და ჩვენი ერთად ყოფნა რაზე უნდა დავაფუძნოთ?!“, – განაცხადა გელაშვილმა.

როგორც გელეშვილმა განაცხადა, მისთვისაც მისაღებია ვერსია, რომ შესაძლოა, „ქართულ ოცნებას“ „რესპუბლიკურმა პარტიამ“, თუ რაღაც ძალამ თავს მოახვია. ან დასავლეთიდან ვიღაც გადარეულმა პოლიტიკოსმა, თუ სენატორმა უთხრა, რომ მათ სააკაშვილისა და სხვა მაღალჩინოსნების დასჯა არ მოეწონებოდათ.

„აბა, რისთვის ხარ?! გარედან ვინ რას გეტყვის, ეს რა შუაშია?! მე არ მჯერა, რომ „ქართულ ოცნებას“ არ შეეძლო, სააკაშვილი და დანარჩენები დაესაჯა. ხალხის დაკარგვა სწორედ აქედან დაიწყო და „ქართულმა ოცნებამ“ ხალხი ასე დაკარგა“, – განაცხადა ნაირა გელაშვილმა.