მუსტაფა ემრე ჩაბუქისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭების თაობაზე, მოსამართლე გადაწყვეტილების მისაღებადაა გასული
მუსტაფა ემრე ჩაბუქისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭების თაობაზე, მოსამართლე გადაწყვეტილების მისაღებადაა გასული

მუსტაფა ემრე ჩაბუქისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭების თაობაზე მიმდინარე სასამართლო პროცესზე, მოსამართლე გადაწყვეტილების მისაღებადაა გასული.

მან უნდა გამოიტანოს გადაწყვეტილება, დაკმაყოფილდება თუ არა ჩაბუქის სარჩელი და ბათილად იქნება თუ არა ცნობილი დევნილთა სამინისტროს აქტი, ჩაბუქისთვის და მისი ოჯახისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმასთან დაკავშირებით.

სხდომაზე ჩაბუქი სიტყვით გამოვიდა და განმარტა, რომ 2016 წელს თურქეთში გადატრიალების მცდელობაში ის არ მონაწილეობდა.

„წინა სასამართლო სხდომაზე მოპასუხე მხარემ ისე თქვა, თითქოს მე ვიღებდი მონაწილეობას თურქეთში გადატრიალების მცდელობაში, მაგრამ ბოლოს თურქეთში 2015 წლის ივლისში ვიყავი. 2016 წელს, როცა  გადატრიალების მცდელობა იყო თურქეთში, ეს მეც ტელევიზორიდან გავიგე. არ მჯერა, რომ ეს დაგეგმილი ოყო გიულენის მხრიდან. გიულენი რომ არ იდგა ამ გადატრიალების უკან, გაიზიარა ინგლისის მთავრობამ, გერმანიის მთავრობამ და ევროკავშირმა. მე გიულენის წიგნები წაკითხული მაქვს და ვაფასებ. მე გიულენის იდეოლოგია მომწონს, მე ჰიტლერის წიგნებიც წამიკითხავს, ზოგიერთი აზრი რაც იქაა მომწონს, ზოგიერთი არა. ამის გამო პასუხი უნდა ვაგო?“, – აღნიშნა მან.

ამასთან, ჩაბუქი აცხადებს, რომ თურქეთში კანონიერი სასამართლო არ არსებობს და „ამ უსამართლობამ საქართველომდეც მოაღწია“.

„დემირელის კოლეჯის მასწავლებლებს არ ემსახურებიან საქართველოში არსებულ საკონსულოებსა და საელჩოებში. მასწავლებლების პასპორტებს, რომლებსაც ვადა გაუვიდა, თურქეთის საელჩოები და საკონსულოები არ აახლებენ. ეს არის დემირელის კოლეჯის თანამშრომლების დევნა.

არ ვენდობი თურქეთს, რომ სასამართლო იქნება სამართლიანი. დემირელის კოლეჯში ადრე ვინც მუშაობდა, ვინც კი დაბრუნდა – ოთხი კაცი, ოთხივე ციხეშია. ოჯახის გამოც მეშინია. ჩემი ოჯახი თურქეთში ვერ ჩავა, აქ უნდა დარჩეს მუქარიდან გამომდინარე. იმედი მაქვს, სასამართლო გაითვალისწინებს ამას“, – განაცხადა მუსტაფა ემრე ჩაბუქმა.