თეა წულუკიანი - საქართველოს ეთხოვა, ჩაბუქის თურქეთისთვის გადაცემისგან თავი შეიკავოს, ვიდრე საქმეს გაერო-ს წამების კომიტეტი განიხილავს
გაერო-ს წამების კომიტეტმა შეგვატყობინა, რომ გამოსცეს გადაწყვეტილება, რომლითაც საქართველოს ხელისუფლებას ეთხოვათ, სანამ თავად არ განიხილავენ მუსტაფა ემრე ჩაბუქის საქმეს, თურქეთისთვის გადაცემისგან თავი შეიკავოს, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.
მისი თქმით, გაერო-ს წამების კომიტეტის წერილის შესახებ უკვე შეატყობინეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და საქართველოს მთავარი პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს.
„იუსტიციის სამინისტროში მოქმედებს სახელმწიფო წარმომადგენლობის სამსახური საერთაშორისო სასამართლოებსა და საერთაშორისო ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანოებში, როგორიც არის გაერო-ს წამების წინააღმდეგ კომიტეტი.
კომიტეტმა შეგვატყობინა, რომ მათ გამოსცეს გადაწყვეტილება, რომლითაც საქართველოს სახელმწიფოსა და მის სტრუქტურებს ეთხოვათ, მანამ სანამ თავად არ განიხილავენ თურქეთის მოქალაქის, მუსტაფა ემრე ჩაბუქის საქმეს, საქართველომ მისი თურქეთისთვის გადაცემისგან თავი შეიკავოს.
რაკი თბილისის საქალაქო სასამართლო იხილავს ამ საქმეს, გუშინ უკვე შევატყობინეთ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ამ წერილის შესახებ და ასევე შევატყობინეთ საქართველოს მთავარი პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს.
ამ ეტაპზე, სულ ეს არის და მინდა კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა, რომ სასამართლო თავისივე დამოუკიდებლობის ფარგლებში, საქმის მასალებიდან გამომდინარე მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რომელსაც ჩათვლის საჭიროდ“, – განაცხადა წულუკიანმა.