თეა წულუკიანი - გავაანალიზებთ,  გირაოს თანხის ნაწილში ხომ არ უნდა გასაჩივრდეს ჩაბუქის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილება
თეა წულუკიანი - გავაანალიზებთ, გირაოს თანხის ნაწილში ხომ არ უნდა გასაჩივრდეს ჩაბუქის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილება

გავაანალიზებთ, გირაოს თანხის ნაწილში ხომ არ უნდა გასაჩივრდეს მუსტაფა ემრე ჩაბუქის საქმეზე სასამართლოს გუშინდელი გადაწყვეტილება – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.

წულუკიანის თქმით, სასამართლოს მიერ ჩაბუქის გათავისუფლება არ ნიშნავს, რომ საექსტრადიციო პროცესი დასრულდა.

„ის, რომ გუშინ საკონსტიტუციო ვადის ცხრა თვის გასვლასთან დაკავშირებით ბატონი ჩაბუქი გათავისუფლდა სასამართლოს მიერ რა თქმა უნდა არ ნიშნავს იმას, რომ საექსტრადიციო პროცესი დასრულდა. ის უბრალოდ ციხის გარეთ დაელოდება ექსტრადიციის პროცედურების დასრულებას. მე როგორც ექსტრადიციის საკითხზე გადაწყვეტილების მიმღები პირი, ველოდები სასამართლო პროცესის დასრულებას.

რაც შეეხება გუშინდელ გადაწყვეტილებას, პატიმრობის შეცვლას გირაოთი, ვფიქრობ, რომ გირაოს თანხის ნაწილში არსებობს რისკი, რომ ბატონ ჩაბუქს გაუჩნდეს სურვილი, ექსტრადიციის დასრულებამდე დატოვოს ქვეყანა.

შესაბამისად, ალბათ, გასაანალიზებელი იქნება ჩვენი მხრიდან, ხომ არ უნდა გასაჩივრდეს გირაოს თანხის ნაწილში გუშინდელი გადაწყვეტილება“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

მუსტაფა ემრე ჩაბუქი გუშინ 1000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.