მუსტაფა ემრე ჩაბუქი მთავარ პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფება 
მუსტაფა ემრე ჩაბუქი მთავარ პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფება 

დემირელის კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერი მუსტაფა ემრე ჩაბუქი მთავარ პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფება. ჩაბუქის ადვოკატის სოსო ბარათაშვილის თქმით, გამოკითხვა დაცვის სპეციალურ პროგრამაში ჩართვის მოთხოვნას უკავშირდება.

აღნიშნული მოთხოვნით, ჩაბუქმა და მისმა ადვოკატმა მთავარ პროკურატურას დღეს მიმართეს.

როგორც ჩაბუქი აცხადებს, არსებობს გარკვეული საფრთხეები, რომელზეც ხმამაღლა ვერ ისაუბრებს, თუმცა საჭიროდ მიიჩნევს, მიმართოს შესაბამის სამსახურებს, რომ ოჯახთან ერთად, გარკვეული დროით, დაცვის სახელმწიფო პროგრამაში თავადაც ჩართონ.

დემირელის კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერი საქართველოში თურქეთის მოთხოვნით, 2017 წლის 24 მაისს დააკავეს. მას ბრალად ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა ედება, რომელიც, თურქეთის ხელისუფლების აზრით, ფეთჰულა გიულენთანაა კავშირში. გიულენს კი, თურქეთში გადატრიალების მოწყობაში ადანაშაულებენ. ჩაბუქს 19 თებერვალს​წინასაექსტრადიციო პატიმრობა თბილისის საქალაქო სასამართლომ 1 000 ლარიანი გირაოთი შეუცვალა. ახლა კი, სასამართლომ მისი ექსტრადირების საკითხზე უნდა იმსჯელოს.