ადვოკატის ინფორმაციით, მუსტაფა ემრე ჩაბუქი დაცვის სპეციალურ პროგრამაში ჩართეს
ადვოკატის ინფორმაციით, მუსტაფა ემრე ჩაბუქი დაცვის სპეციალურ პროგრამაში ჩართეს

დემირელის კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერი მუსტაფა ემრე ჩაბუქი დაცვის სპეციალურ პროგრამაში ჩართეს, – ამის შესახებ ინფორმაცია პირველ არხს მუსტაფა ემრე ჩაბუქის ადვოკატმა, სოსო ბარათაშვილმა დაუდასტურა.

რაც შეეხება პროკურატურის პოზიციას, როგორც პირველ არხს უწყებაში განუცხადეს, იქიდან გამომდინარე, რომ საკითხი სახელმწიფო საიდუმლოებას წარმოადგენს, კომენტარს ვერ გააკეთებენ.

დემირელის კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერის, მუსტაფა ემრე ჩაბუქის ადვოკატებმა ჩაბუქის დაცვის სპეციალურ პროგრამაში ჩართვის მოთხოვნით პროკურატურას 23 თებერვალს მიმართეს.

მუსტაფა ემრე ჩაბუქი მოთხოვნის მიზეზად გარკვეული საფრთხეები დაასახელა და მისი ოჯახის მსგავსად, დაცვის სპეციალურ პროგრამაში ჩართვა დროებით თავადაც მოითხოვა.

მუსტაფა ემრე ჩაბუქის ოჯახის წევრები დაცვის სპეციალურ პროგრამაში 2017 წლის აგვისტოში ჩართეს.

დემირელის კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერი საქართველოში, თურქეთის მოთხოვნით, 2017 წლის 24 მაისს დააკავეს. მას ბრალად ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა ედება, რომელიც, თურქეთის ხელისუფლების აზრით, ფეთჰულა გიულენთანაა კავშირში. გიულენს კი, თურქეთში გადატრიალების მოწყობაში ადანაშაულებენ. ჩაბუქს 19 თებერვალს წინასაექსტრადიციო პატიმრობა თბილისის საქალაქო სასამართლომ 1 000-ლარიანი გირაოთი შეუცვალა. ახლა კი, სასამართლომ მისი ექსტრადირების საკითხზე უნდა იმსჯელოს.