ზვიად კვაჭანტირაძე - სასამართლოს მიერ ჩაბუქის მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილებით, საქართველომ სერიოზული პრობლემები აირიდა
ზვიად კვაჭანტირაძე - სასამართლოს მიერ ჩაბუქის მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილებით, საქართველომ სერიოზული პრობლემები აირიდა

პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზვიად კვაჭანტირაძე ფიქრობს, რომ სასამართლოს მიერ მუსტაფა ემრე ჩაბუქის მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილებით, საქართველომ თავიდან ბევრი სერიოზული პრობლემა აირიდა.

პირველი არხის კითხვის საპასუხოდ კვაჭანტირაძე აღნიშნავს, რომ სასამართლოს მიერ დღეს გამოტანილი განაჩენი ძალიან გაუხარდა.

„სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით თავი ძალიან ბევრ სერიოზულ პრობლემას ავარიდეთ, როგორც დემოკრატიის ნამდვილმა კუნძულმა ჩვენს რეგიონში. ეს არის გადაწყვეტილება, რომელსაც შეიძლება მთელი გულით მივესალმო. ამ საქმის მიმართ ძალიან დიდი საერთაშორისო მორინტორინგი იყო და ამ საკითხზე ყველა ფორმატში გვესაუბრებოდნენ, თუმცა იმასაც ხვდებოდნენ, რომ საკითხი სასამართლოს დონეზე იყო ასული და მისი სუვერენული საგანი იყო ის, როგორ გადაწყდებოდა ჩაბუქის საქმე. ვინაიდან შედეგი დადგა, ამას
მხოლოდ მივესალმები. რაც შეეხება თურქეთის რეაქციას, ჩვენმა თურქმა კოლეგებმა იციან, რომ საქართველო დემოკრატიული სახელმწიფოა, სადაც სასამართლო დამოუკიდებელია და ეს მისი გადაწყვეტილებაა“, – განაცხადა კვაჭანტირაძემ.

დემირელის კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერს, მუსტაფა ემრე ჩაბუქს წინასაექსტრადიციო პატიმრობა გირაოთი შეეცვალა. თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურორის შუამდგომლობა ჩაბუქისთვის პატიმრობის გირაოთი შეცვლის შესახებ დააკმაყოფილა. პროკურატურა 10 ათას ლარიანი გირაოს შეფარდებას მოითხოვდა, სასამართლომ კი, გირაოს რაოდენობა 1000 ლარზე განსაზღვრა.