მოძრაობა „გაბედე“ - მოვითხოვთ ყველა იმ ადამიანის დასჯას, ვისაც რაიმე კავშირი აქვს მოზარდის თვითმკვლელობამდე მიყვანაში
მთავრობის ადმინისტრაციასთან მოძრაობა „გაბედეს“ წევრები შეიკრიბნენ და გარდაცვლილი მოზარდის ოჯახის წევრებს თანადგომა გამოუცხადეს.
მოძრაობის წევრების განცხადებით, ისინი პატივს სცემენ გარდაცვლილის ოჯახს და სანამ 15 წლის ბიჭს არ დაკრძალავენ, საპროტესტო აქციების ჩატარებისგან თავს შეიკავებენ.
ამასთან, „გაბედე“ შაბათს 18:00 საათზე მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციას აანონსებს. მათი თქმით, მთავარი მოთხოვნა ყველა იმ ადამიანის დასჯა იქნება, ვისაც რაიმე კავშირი აქვს მოზარდის თვითმკვლელობამდე მიყვანაში.
„ვადასტურებთ ჩვენს პატივისცემას გარდაცვლილის ოჯახის მიმართ და ვუცხადებთ მათ თანადგომას. გამოვთქვამთ უდიდეს მწუხარებას და მთელ საქართველოს ვუსამძიმრებთ ამ ტრაგედიას. ვინაიდან, ეს დღეები ძალიან მძიმე იქნება ყველასთვის, სანამ არ დაკრძალავენ ლუკას, თავს შევიკავებთ აქტიური პროტესტისგან, მაგრამ, შაბათს, 18:00 საათზე ვაანონსებთ აქციას სწორედ აქ, კანცელარიასთან. სახეზე არის ძალადობრივი პოლიციური რეჟიმი და საუბედუროდ, ლუკა არ იყო ამ რეჟიმის პირველი მსხვერპლი. ეს ყველაფერი უნდა დასრულდეს ერთხელ და სამუდამოდ საქართველოში. აქცია იქნება კანცელარიის წინ, სადაც მთელი მთავრობა ზის. ისინი არიან ამ სისტემის სულისჩამდგმელები, მათ შეეძლოთ ამ სისტემის შეცვლა, მაგრამ არ გააკეთეს ეს. პირიქით, აკეთებენ იმავეს, რასაც წინა ხელისუფლებები აკეთებდნენ. ისევ არის ძალადობა პოლიციის მხრიდან, კანონი ისევ არ კანონობს ყველასთვის. ჩვენ არ გვყავს დასაკარგი ახალგაზრდები. მოთხოვა არის დამნაშავეების დასჯა და ძირგამომპალი სისტემის დანგრევა“, – განაცხადა მოძრაობა „გაბედეს“ წევრმა, მიშა ქუმსიშვილმა.
თვითმკვლელობის მცდელობისას დაშავებული 15 წლის მოზარდი საავადმყოფოში გუშინ გარდაიცვალა.
12 დეკემბერს მოზარდმა თვითმკვლელობა სცადა. შემთხვევა დიღმის მასივში მოხდა. ამას წინ უძღოდა „მწვანე სკოლაში“ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მოზარდის პოლიციის განყოფილებაში მოწმის სახით დაკითხვა. როგორც ადვოკატი აცხადებს, მოზარდზე დაკითხვის დროს ფსიქოლოგიური ზეწოლა განხორციელდა. მისივე ინფორმაციით, სამართალდამცველები მოზარდს ხულიგნობის აღიარებას სთხოვდნენ. ადვოკატის განცხადება კატეგორიულად უარყვეს შსს-ში.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა პოლიციელების მხრიდან არასრულწლოვანის მიმართ ჩვენების მიცემის იძულების შესაძლო ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
15 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის სამმართველოს გამოძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს.