თვითმკვლელობის მცდელობისას დაშავებული 15 წლის მოზარდი საავადმყოფოში გარდაიცვალა
თვითმკვლელობის მცდელობისას დაშავებული 15 წლის მოზარდი საავადმყოფოში გარდაიცვალა

თვითმკვლელობის მცდელობისას დაშავებული 15 წლის მოზარდი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს იაშვილის კლინიკაში დაუდასტურეს.

ექიმები აცხადებდნენ, რომ მოზარდის მდგომარეობა მძიმე იყო და მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. მას გუშინ საღამოს ოპერაცია ჩაუტარდა. მოზარდის მკურნალობაში უცხოეთიდან მოწვეული ექიმებიც იყვნენ ჩართული.

12 დეკემბერს მოზარდმა თვითმკვლელობა სცადა. შემთხვევა დიღმის მასივში მოხდა. ამას წინ უძღოდა „მწვანე სკოლაში“ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მოზარდის პოლიციის განყოფილებაში მოწმის სახით დაკითხვა. როგორც ადვოკატი აცხადებს, მოზარდზე დაკითხვის დროს ფსიქოლოგიური ზეწოლა განხორციელდა. მისივე ინფორმაციით, სამართალდამცველები მოზარდს ხულიგნობის აღიარებას სთხოვდნენ. ადვოკატის განცხადება კატეგორიულად უარყვეს შსს-ში.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა პოლიციელების მხრიდან არასრულწლოვანის მიმართ ჩვენების მიცემის იძულების შესაძლო ფაქტზე გამოძიება დაიწყო.