შსს „მწვანე სკოლაში“ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
შსს „მწვანე სკოლაში“ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო „მწვანე სკოლაში“ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

განცხადების ტექსტი მედიას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ცაციაშვილმა ბრიფინგზე გააცნო.

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია „მწვანე სკოლაში“ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით.

10 დეკემბერს „112“-ში შესული შეტყობინების საფუძველზე, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პირველმა განყოფილებამ თბილისში, „მწვანე სკოლის“ შიდა და გარე კედლების იერსახის დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით.

„112“- ში შეტყობინება სკოლის უსაფრთხოების მენეჯერმა განახორციელა.

აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზებულმა გამომძიებელმა მოწმის სახით გამოკითხა საქმესთან შემხებლობაში მყოფი პირები, მათ შორის: შეტყობინების ავტორი – სკოლის უსაფრთხოების მენეჯერი და დედის თანდასწრებით არასრულწლოვანი, რომელმაც უარყო „მწვანე სკოლის“ კედლების დაზიანების ფაქტი.

მეორე დღეს, 11 დეკემბერს, მშობლის ინიციატივით, არასრულწლოვანი, დედასთან ერთად კვლავ გამოცხადდა პოლიციის განყოფილებაში, თუმცა მას დამატებითი ინფორმაცია საქმესთან დაკავშირებით არ მოუწოდებია და დაახლოებით 40 წუთში მშობელთან ერთად დატოვა პოლიციის განყოფილება.

მშობლის გარეშე არასრულწლოვნის გამოკითხვა არც პირველ და არც მეორე დღეს არ განხორციელებულა.

რაც შეეხება, არასრულწლოვნის თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე მიმდინარე გამოძიებას, აღნიშნულს აწარმოებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს ინსპექტორის სამსახურთან.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს ჩვენს მიერ უკვე გადაეგზავნა მოთხოვნილი მასალები“, – აცხადებენ შსს-ში.

შეგახსენებთ, რომ 12 დეკემბერს მოზარდმა თვითმკვლელობა სცადა. შემთხვევა დიღმის მასივში მოხდა. შემთხვევას წინ უძღოდა „მწვანე სკოლაში“ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მოზარდის პოლიციის განყოფილებაში მოწმის სახით დაკითხვა. როგორც ადვოკატი აცხადებს, მოზარდზე დაკითხვის დროს ფსიქოლოგიური ზეწოლა განხორციელდა. მისივე ინფორმაციით, სამართალდამცველები მოზარდს ხულიგნობის აღიარებას სთხოვდნენ.

ექიმის ინფორმაციით, თვითმკვლელობის მცდელობისას დაშავებული 15 წლის მოზარდის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე რჩება.

ამასთან, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა პოლიციელების მხრიდან არასრულწლოვანის მიმართ ჩვენების მიცემის იძულების შესაძლო ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

დატოვე კომენტარი