სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა პოლიციელების მხრიდან არასრულწლოვანის მიმართ ჩვენების მიცემის იძულების შესაძლო ფაქტზე გამოძიება დაიწყო
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა პოლიციელების მხრიდან არასრულწლოვანის მიმართ ჩვენების მიცემის იძულების შესაძლო ფაქტზე გამოძიება დაიწყო

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტში, მიმდინარე წლის 12 დეკემბერს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადვოკატის განცხადების საფუძველზე, პოლიციელების მხრიდან არასრულწლოვან ლ.ს.-ს მიმართ ჩვენების მიცემის იძულების შესაძლო ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლის პირველი ნაწილით გამოძიება დაიწყო.

როგორც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის სამსახურში აცხადებენ, სისხლის სამართლის საქმეზე ინტენსიურად მიმდინარეობს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარება. მათ შორის, შესაბამის პოლიციის განყოფილებაში განთავსებული სამეთვალყურეო ვიდეოკამერების ჩანაწერების გამოთხოვის მიზნით.

ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმოებაში არსებული არასრულწლოვანი ლ.ს.-ს თვითმკვლელობის მცედალობამდე მიყვანის სისხლის სამართლის საქმე, გენერალური პროკურატურის გადაწყვეტილებით, 2019 წლის 13 დეკემბერს გამოსაძიებლად სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს გადმოეცა.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ 2019 წლის 11 დეკემბერს, არასრულწლოვანმა თვითმკვლელობა სავარაუდოდ საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლების მიერ განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის გამო სცადა. იგი საცხოვრებელი კორპუსის მეცხრე სართულიდან გადმოხტა და ამჟამად კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება.

„თვითმკვლელობის მცდელობას წინ უსწრებდა დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის პირველ განყოფილებაში 2019 წლის 10 დეკემბერს (დაახლოებით 17:00-23:00 საათამდე) და 11 დეკემბერს (დაახლოებით 11:00-12:00 საათამდე) არასრულწლოვნის გამოკითხვა, რა დროსაც იგი პოლიციელთა მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი გახდა.

არასრულწლოვანს საგამოძიებო უწყების თანამშრომლები ფსიქოლოგიური ძალადობის გამოყენებით აიძულებდნენ, ეღიარებინა დანაშაული, რომელსაც აღნიშნული ორგანო იძიებდა, წინააღმდეგ შემთხვევაში ემუქრებოდნენ, რომ მის ძმას შეექმნებოდა გარკვეული პრობლემები, ხოლო მას მოუწევდა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში ხანგრძლივი დროის გატარება. პოლიციელთა ფსიქოლოგიური ძალადობა და მუქარა იმდენად ინტენსიური და რეალური იყო, რომ არასრულწლოვანი შეუძლოდ გახდა გამოკითხვისას და მოითხოვა სამედიცინო დახმარების გაწევა, თუმცა აღნიშნული დახმარება მას არ აღმოუჩინეს. გამოკითხვის პროცესს ესწრებოდა არასრულწლოვნის დედაც, თუმცა გარკვეულ მომენტში არასრულწლოვანი მარტო დარჩა პოლიციის თანამშრომლებთან“, – ნათქვამია საია-ს ინფორმაციაში.