სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემებთან დაკავშირებით სახელმწიფო ინსპექტორის მიერ იუსტიციის სამინისტროსთვის დაკისრებული ჯარიმა გააუქმა
სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემებთან დაკავშირებით სახელმწიფო ინსპექტორის მიერ იუსტიციის სამინისტროსთვის დაკისრებული ჯარიმა გააუქმა

თბილისის საქალაქო სასამართლომ იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციული საჩივარი დააკმაყოფილა. მოსამართლე ციცინო როხვაძემ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ დაკისრებული 500-ლარიანი ჯარიმა გააუქმა, რომელიც იუსტიციის სამინისტროს მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციის გასაჯაროებისთვის დაეკისრა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმომადგენლები და აცხადებენ, რომ აღნიშნულს გაასაჩივრებენ.

იუსტიციის სამინისტროში კი აცხადებენ, რომ მოსამართლის გადაწყვეტილება სამართლიანია და დასტურდება, რომ სამინისტროს კანონი არ დაურღვევია.

„დღეს სასამართლომ მიიღო სამართლიანი გადაწყვეტილება, სრულად დააკმაყოფილა იუსტიციის სამინისტროს საჩივარი და გააუქმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის 2021 წლის 3 დეკემბერს გამოტანილი გადაწყვეტილება, რითაც დასტურდება, რომ იუსტიციის სამინისტროს პერსონალური ინფორმაციის დაცვის კანონი არ დაურღვევია. ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნა სასამართლოს მიერ იმდენად, რამდენადაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა არ გამოიკვლია სათანადო მტკიცებულებები. ჩვენ ეს მტკიცებულებები დღეს წარვუდგინეთ, სასამართლომ ერთობლიობაში მიიღო ეს მტკიცებულებები და მიიღო სამართლიანი გადაწყვეტილება – გაუქმებულ იქნა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის უკანონო გადაწყვეტილება“, – განაცხადა იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელმა, ნინო მინდიაშვილმა სხდომის დასრულების შემდეგ.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების გამჟღავნებისთვის სახელმწიფო ინსპექტორმა იუსტიციის სამინისტრო 500, ხოლო პენიტენციური სამსახური 2 000 ლარით დააჯარიმა. ამასთან, იუსტიციის სამინისტროსა და პენიტენციურ სამსახურს დაევალათ „ფეისბუქის“, ასევე ოფიციალური ვებგვერდებიდან სააკაშვილის პერსონალური მონაცემების შემცველი ჩანაწერის წაშლა.