კარლ ჰარცელი - უსაფრთხოების სექტორზე ეფექტიანი დემოკრატიული ზედამხედველობა და მონაცემთა სათანადო დაცვა საქართველოს იმ ვალდებულებებად რჩება, რომლებზეც ქვეყანა პასუხისმგებლია
კარლ ჰარცელი - უსაფრთხოების სექტორზე ეფექტიანი დემოკრატიული ზედამხედველობა და მონაცემთა სათანადო დაცვა საქართველოს იმ ვალდებულებებად რჩება, რომლებზეც ქვეყანა პასუხისმგებლია

ჩვენ კვლავ ვერ ვხედავთ გასული წლის დეკემბერში, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მოულოდნელად და ნაჩქარევად დაშლის და სახელმწიფო ინსპექტორის მანდატის ვადამდე შეწყვეტის ობიექტურ მიზეზებს, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი აცხადებს.

მისივე თქმით, პარლამენტის მიერ გუშინ მიღებულ დანიშვნებს ითვალისწინებენ, თუმცა საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სააპელაციო პროცესის შედეგებს დაელოდებიან.

„უსაფრთხოების სექტორზე ეფექტიანი დემოკრატიული ზედამხედველობა და მონაცემთა სათანადო დაცვა საქართველოს იმ ვალდებულებებად რჩება, რომლებზეც ქვეყანა პასუხისმგებლია. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ ევროკავშირმა გამოხატოს ნება და იპოვოს შესაძლებლობა, დაეხმაროს საქართველოს ძირითად სფეროებში რეფორმების განხორციელებაში“, – აღნიშნავს კარლ ჰარცელი, რომლის კომენტარსაც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.

პარლამენტმა პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურების ხელმძღვანელები აირჩია. საკანონმდებლო ორგანომ საკადრო გადაწყვეტილება გუშინდელ პლენარულ სხდომაზე მიიღო.