ექიმების ინფორმაციით, თვითმკვლელობის მცდელობისას დაშავებული 15 წლის მოზარდის მდგომარეობა მძიმეა
ექიმების ინფორმაციით, თვითმკვლელობის მცდელობისას დაშავებული 15 წლის მოზარდის მდგომარეობა მძიმეა

თვითმკვლელობის მცდელობისას დაშავებული 15 წლის მოზარდის მდგომარეობა მძიმეა და მართვით სუნთქვაზე იმყოფება. როგორც იაშვილის კლინიკაში აცხადებენ, პაციენტს ტვინის შეშუპება დაეწყო, რის გამოც გუშინ საღამოს ოპერაცია ჩაუტარდა.

მოზარდის მკურნალობაში ჩართულნი არიან ისრაელიდან მოწვეული ექიმებიც.

როგორც დარგის სპეციალისტები აცხადებენ, მთელი ძალისხმევა მიმართულია იმისკენ, რომ  შემდგომი გართულება თავიდან აიცილონ.

მათივე თქმით, ახლა პაციენტი ინტენსიური მკურნალობის ქვეშ იმყოფება.

„კლინიკაში შემოსვლიდან პაციენტის მდგომარეობა იყო მძიმე. გუშინ აღენიშნა მდგომარეობის გაუარესების ეპიზოდი, ქალა შიდა წნევის მატება. ჩაუტარდა ოპერაცია. ოპერაციის დამთავრებამდე შემოგვიერთდნენ ისრაელიდან ექიმები. ამჟამად ჰემოდინამიურად სტაბილურია, ანუ წნევა არის დასტაბილურებული, გადაყვანილია რეანიმაციულ განყოფილებაში. რაც შეეხება პროგნოზებს, ძალიან ძნელია ამ სიტუაციაში პროგნოზების გაკეთება, რადგან პაციენტის მდგომარეობა მძიმეა“,- განაცხადა იაშვილის სახელობის კლინიკის ნეირო ქირურგმა, ედიშერ მაღალაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 12 დეკემბერს მოზარდმა თვითმკვლელობა სცადა. შემთხვევა დიღმის მასივში მოხდა. მას წინ უძღოდა „მწვანე სკოლაში“ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მოზარდის პოლიციის განყოფილებაში მოწმის სახით დაკითხვა. როგორც ადვოკატი აცხადებს, მოზარდზე დაკითხვის დროს ფსიქოლოგიური ზეწოლა განხორციელდა. მისივე ინფორმაციით, სამართალდამცველები მოზარდს ხულიგნობის აღიარებას სთხოვდნენ. ადვოკატის განცხადება უარყვეს შსს-ში.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა პოლიციელების მხრიდან არასრულწლოვანის მიმართ ჩვენების მიცემის იძულების შესაძლო ფაქტზე გამოძიება დაიწყო.