გიგა მაქარაშვილი - ჩვენ გვაქვს არჩეული ევროპული გზა, რაც ნიშნავს ევროპული სტანდარტის პროტესტს, ხმაური არ იქნება გამაღიზიანებელი ხალხისთვის, გამაღიზიანებელი იქნება ღარიბაშვილისთვის
გიგა მაქარაშვილი - ჩვენ გვაქვს არჩეული ევროპული გზა, რაც ნიშნავს ევროპული სტანდარტის პროტესტს, ხმაური არ იქნება გამაღიზიანებელი ხალხისთვის, გამაღიზიანებელი იქნება ღარიბაშვილისთვის

ღარიბაშვილს ექნება ხმაური ყველგან, სადაც მივა, ვიდრე საბოლოოდ არ იტყვიან უარს რუსეთისკენ სიარულზე, – ამის შესახებ ჟურნალისტებს აქციის „შინ ევროპისკენ“ ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, გიგა მაქარაშვილმა განუცხადა.

„ვემზადებით ხმაურისთვის. ღარიბაშვილს ექნება ხმაური ყველგან, სადაც მივა, ვიდრე საბოლოოდ არ იტყვიან უარს რუსეთისკენ სიარულზე. ეს არის პროტესტის მშვიდობიანი ფორმა. აქციის მონაწილეები არ ვარღვევთ კანონს. ჩვენ გვაქვს არჩეული ევროპული გზა, რაც მათ შორის ნიშნავს ევროპული სტანდარტის პროტესტს. ეს ხმაური არ იქნება გამაღიზიანებელი ხალხისთვის, იქნება გამაღიზიანებელი ღარიბაშვილისთვის“, – განაცხადა მაქარაშვილმა.

აქციის ორგანიზატორებმა, რომლებმაც ღამე მთავრობის ადმინისტრაციასთან გაათენეს, ამ წუთებში შენობის სამანქანო შესასვლელთან გადაინაცვლეს. ისინი დრამების, სიგნალებისა და სასტვენების გამოყენებით გამოხატავენ პროტესტს. მათი თქმით, მთავრობის წევრებს ხმაურითა და არაძალადობრივი გზით შეუქმნიან დისკომფორტს, რათა მათი მოთხოვნები შესრულდეს.