აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი მარიამ შუშანია - არ ვფიქრობ, რომ აქცია არის ჩავარდნილი, მაინც ვთქვით ჩვენი სათქმელი და ახლაც ვიტყვით
აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი მარიამ შუშანია - არ ვფიქრობ, რომ აქცია არის ჩავარდნილი, მაინც ვთქვით ჩვენი სათქმელი და ახლაც ვიტყვით

ნებისმიერ საკითხში შეიძლება, ადამიანმა დაუშვას შეცდომები, არც ჩვენ ვართ უშეცდომოები, ყველაფერი იქნება განხილვადი, კიდევ ერთხელ დავსხდებით და ვილაპარაკებთ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს აქციის „შინ ევროპისკენ“ ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, მარიამ შუშანიამ განუცხადა.

„ყველაფერი იქნება არაძალადობრივი. ჩვენ დავხვდებით ღარიბაშვილს ხმაურით, მაქსიმალურად შევუქმნით დისკომფორტს. კანცელარიაში შევა ხმაურით. ჩვენ კიდევ ერთხელ გავაგონებთ ჩვენს ხმას. რა თქმა უნდა, გეგმები ყოველთვის შეიძლება, შეიცვალოს და ამასთან დაკავშირებით აქციის ორგანიზატორები კიდევ ერთხელ დაილაპარაკებენ. თუმცა, ამ ეტაპზე ჩვენ ვართ მომზადებულები, რათა ყველანაირი დისკომფორტი შევუქმნათ და იცოდეს, რომ ქართველი ხალხი არ დაუშვებს, გაატაროს თავისი ე.წ. რუსული რეფორმები, აუცილებლად მივაღწევთ იმ შედეგს, რაც გვინდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატობისთვის“, – აღნიშნა მარიამ შუშანიამ.

მისი თქმით, აქციის ორგანიზებასთან დაკავშირებული საკითხები კიდევ ერთხელ იქნება განხილული და მომდევნო აქციებისთვის უკეთ მოემზადებიან.

„ვფიქრობ, ნებისმიერ საკითხში შეიძლება, ადამიანმა შეცდომები დაუშვას. არც ჩვენ ვართ უშეცდომოები. აქედან გამომდინარე, ყველაფერი იქნება განხილვადი, კიდევ ერთხელ დავსხდებით და ვილაპარაკებთ. თუმცა, ჩვენ მაქსიმუმი ჩავდეთ და ვფიქრობ, მომავალში ბევრად უკეთ განვითარდება პროცესები. რაც მთავარია, იმედი არ უნდა დავკარგოთ და შემართება, რაც აუცილებლად გვექნება. ვფიქრობ, ორგანიზატორებში არ არის საქმე. შეიძლება, ხალხი არ იყო კონკრეტულად ამ ნაბიჯისთვის მზად. აქედან გამომდინარე, გავითვალისწინებთ და უკეთესად მოვემზადებით, მაგრამ ყოველთვის ხდება ასეთი რაღაცები. ჩვენ არაერთხელ გვინახავს ჩავარდნილი აქციები, განვითარებული აქციებიც, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ აქცია არის ჩავარდნილი. ჩვენ მაინც ვთქვით საკუთარი სათქმელი და ახლაც ვიტყვით“, – განაცხადა მარიამ შუშანიამ.

აქციის ორგანიზატორებმა, რომლებმაც ღამე მთავრობის ადმინისტრაციასთან გაათენეს, ამ წუთებში შენობის სამანქანო შესასვლელთან გადაინაცვლეს. ისინი დრამების, სიგნალებისა და სასტვენების გამოყენებით გამოხატავენ პროტესტს. აქციის მონაწილეების თქმით, მთავრობის წევრებს ხმაურითა და არაძალადობრივი გზით შეუქმნიან დისკომფორტს, რათა მათი მოთხოვნები შესრულდეს.