მეცნიერებმა ისტორიაში პირველად დააფიქსირეს, როგორ ნადირობენ ელექტრული გველთევზები ჯგუფურად — #1tvმეცნიერება
მეცნიერებმა ისტორიაში პირველად დააფიქსირეს, როგორ ნადირობენ ელექტრული გველთევზები ჯგუფურად — #1tvმეცნიერება

როგორც ჩანს, ელექტრული გველთევზები არც ისეთი მარტოსულები არიან, როგორც მიიჩნეოდა.

ბრაზილიაში, მდინარე ამაზონის აუზის სიღრმეში მდებარე ერთ პატარა ტბაში, მეცნიერებმა პირველად ისტორიაში დააფიქსირეს, რომ ეს თევზები არა მხოლოდ ერთობლივად ცხოვრობენ, არამედ საკვების მოსაპოვებლადაც ერთად მუშაობენ და მსხვერპლს ერთობლივი ძალებით ესხმიან თავს.

არსებობს იმის მტკიცებულებაც, რომ ასეთი სტრატეგია ეფექტიანია. ამ ტბის ბინადარი მრავალი ვოლტას ელექტრული გველთევზადან (Electrophorus voltai) ბევრი სიგრძეში 1,2 მეტრს აჭარბებდა და საკმაოდ ჯანსაღადაც გამოიყურებოდა.

„არაჩვეულებრივი აღმოჩენაა. ელექტრულ გველთევზებში ასეთი აქამდე არასდროს არაფერია აღრიცხული“, — ამბობს სმიტსონის ინსტიტუტის ბუნების ისტორიის იქთიოლოგი კარლოს დევიდ დე სანტანა.

ვოლტას ელექტრული გველთევზების შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი. ეს თევზი ცოტა ხნის წინ აღმოაჩინეს მდინარე ირირის ნაპირებთან ახლომდებარე ტბაში, ოფიციალური აღწერა და ცალკე სახეობად კლასიფიკაცია მხოლოდ შარშან მოხდა. თუმცა, ის ნამდვილ იარაღს მალავს — ერთ ჯერზე გამოყოფს 860 ვოლტს, გაცილებით მეტს, ვიდრე სხვა ნებისმიერი ელექტრული გველთევზა.

დე სანტანა და მისი ჯგუფი ელექტრული გველთევზების ჯგუფურად ნადირობას პირველად 2012 წელს დააკვირდა. ასზე მეტი ინდივიდი მსხვერპლის მოსანადირებლად ერთად მოქმედებდა, რომელიც შემდეგ მთელმა გუნდმა შეჭამა. თუმცა, მხოლოდ ერთი დაკვირვება საკმარისი არ იყო იმის გაცხადებისთვის, რომ ნადირობის ეს მეთოდი მათი ნორმალური ქცევაა.

2014 წელს მკვლევართა ჯგუფი ადგილზე დაბრუნდა და უფრო მეტი ვოლტას ელექტრული გველთევზა აღმოაჩინა და მათზე დაკვირვება და ჩაწერა დაიწყო. 72 საათის განმავლობაში მიმდინარე უწყვეტი დაკვირვების დროს, მათ ელექტრული გველთევზების ნადირობის ხუთი შემთხვევა დააფიქსირეს. ეს კი საკმარისი იყო არა მხოლოდ ამ ქცევის ნორმად კლასიფიცირებისთვის, არამედ მკვლევრებს ამ „სოციალური ნადირობის მოვლენის“ დეტალებზე დაკვირვების და ჩაწერის შანსიც მიეცათ.

დღეღამის განმავლობაში, ელექტრული გველთევზები ძირითადად ისვენებდნენ. თუმცა, შებინდებისას და გამთენიისას ნადირობას იწყებდნენ. როგორც ჯგუფი პუბლიკაციაში აღნიშნავს, ეს ფაქტი საკმაოდ უცნაურია, რადგან როგორც წესი, აქამდე შემჩნეული იყო, რომ ვოლტას ეექტრული გველთევზები ღამით ნადირობდნენ და მარტოები.

ამ შემთხვევაში განსხვავება საოცარია. თითოეულ შემთხვევაში, თავს ერთად იყრიდა ასზე მეტი ელექტრული გველთევზა და წრიულად ცურვას იწყებდნენ, რითაც ეფექტიანად დევნიდნენ პატარა თევზების, ძირითადად ქარაცინისნაირების ჯგუფების მომწყვდევას და თავთხელ წყალში გადევნას.

ამის შემდეგ, როცა მსხვერპლებს უკვე წასასვლელი აღარსად ჰქონდათ, მათკენ დაახლოებით ათამდე ელექტრული გველთევზა მიემართებოდა და ერთობლივად ურტყამდა დენს; შეცბუნებული მსხვერპლი ამ დროს წყლიდან ხტებოდა და უკან გრნობადაკარგული ეცემოდა.

„თუ წარმოიდგენთ, ამ სახეობის ინდივიდს შეუძლია გამოიმუშაოს 860 ვოლტი, შესაბამისად, თეორიულად, თუ 10 ინდივიდი ერთობლივად დაარტყამს, ეს იქნება 8600-ვოლტიანი ელექტროენერგია“, — ამბობს დე სანტანა. რა თქმა უნდა, ელექტრული გველთევზები ისე ზუსტად არ ფუნქციონირებენ, როგორც ელექტროსადენები ჩვენს სახლებში.

მას შემდეგ, რაც თევზი წყალში უგონოდ დაეცა, გველთევზების გუნდი მის ჭამას შეუდგა.

ჯგუფმა დაადგინა, რომ თითოეული ნადირობა დაახლოებით ერთ საათს გრძელდებოდა და საშუალოდ 5-7 ინდივიდი მონაწილეობდა.

ჯგუფურად ნადირობა ძუძუმწოვრებში საკმაოდ გავრცელებულია, მაგრამ ძლიერ იშვიათია თევზებში. ამ დროისათვის ცნობილია თევზების მხოლოდ ცხრა სხვა სახეობა, რომელიც ასე იქცევა; შესაბამისად, ეს აღმოჩენა მართლაც განსაკუთრებულია“, — ამბობს დე სანტანა.

გარდა ამისა, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ნადირობა შეიძლება ნორმალური იყოს, ჯგუფს სჯერა, რომ ასეთი რამ მაინც იშვიათად ხდება. ადგილობრივ მოსახლეობასთან გასაუბრებისას, ეს უკანასკნელნი არ ახსენებდნენ გველთევზების ჯგუფურად ნადირობის შემთხვევებს. შესაბამისად, ამ გველთევზების ჯგუფურად თუ ინდივიდუალურად ნადირობის შემთხვევა დამოკიდებული უნდა იყოს შესაბამის გარემო პირობებზე, მაგალითად, მსხვერპლის სიუხვეზე და კონკრეტულ ადგილებზე, სადაც დიდი ოდენობით თევზია.

მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რამ ჯერ უცნობია, მკვლევართა ჯგუფს მიაჩნია, რომ ელექტრული გველთევზები ამ ტბაში ყოველწლიურად ბრუნდებიან. ამიტომ, მათ წამოიწყეს სამოქალაქო სამეცნიერო პროექტი Projeto Poraquê, რომელშიც დაკვირვების წარმოება ადგილობრივებს შეუძლია; ეს მონაცემები კი ფასდაუდებელია. ამას გარდა, ადგილზე კვლავ დაბრუნებას მკვლევართა ჯგუფიც გეგმავს.

კვლევა ჟურნალ Ecology & Evolution-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.