ამაზონის მოჩვენება-ძაღლები — ახალი კვლევა მსოფლიოს ყველაზე იდუმალი ძაღლების შესახებ
ამაზონის მოჩვენება-ძაღლები — ახალი კვლევა მსოფლიოს ყველაზე იდუმალი ძაღლების შესახებ

ის ამაზონის წვიმის ტყეების ერთ-ერთი ყველაზე მოუხელთებელი და იდუმალი ძუძუმწოვარია. მეცნიერები ამ სახეობას „მორცხვს“ ან „მოჩვენებასაც“ კი უწოდებენ.

ის ძაღლია.

ან სულ მცირე ძაღლის ერთ-ერთი ტიპი. ეს მოკლეყურებიანი ძაღლია ძაღლების გვარის, Atelocynus-ის ერთადერთი წევრია და ამაზონის წვიმის ტყეების ერთადერთი ასეთი სახეობა. ახალი კვლევის ფარგლებში, 50-მა მკვლევარმა ამ ქმნილების რამდენიმე საიდუმლო ამოხსნა, რისთვისაც მათ ერთად მოუყარეს თავი სხვადასხვა ადგილებში ფოტოხაფანგების მიერ შეგროვებულ მონაცემებს. ამ სახეობის გავრცელების არეალისა და საყვარელი ჰაბიტატის განსაზღვრის შემდეგ, მეცნიერები, რომელთაგან მრავალს ის პირადად არასოდეს უნახავს, იმედოვნებენ, რომ მის დაცვას შეძლებენ.

კვლევის ავტორი, კალიფორნიის უნივერსიტეტის დოქტორანტი დენიელ როჩა მოკლეყურებიანი ძაღლებით 2015 წელს დაინტერესდა, როდესაც მან მუშაობა ამაზონის სამხრეთ ნაწილში დაიწყო. ამ ძუძუმწოვრების ადგილობრივი საზოგადოების შესასწავლად, მან და მისმა კოლეგებმა რამდენიმე ადგილას ფოტოხაფანგები დაამონტაჟეს. ჩანაწერების ნახვის შემდეგ, მათ იხილეს წვეტიანი ყურებისა და დაღარული შუბლის მქონე არსებები.

ამბავი ფრიად გასაკვირი აღმოჩნდა, რადგან ეს ძაღლები ადგილობრივებსაც კი უიშვიათესად ჰყავდათ ნანახი. ისინი კარგად ემალებოდნენ ამ რეგიონში მომუშავე მკვლევრებსაც. დენიელ როჩა, რომელიც ამ კვლევას წლების განმავლობაში აწარმოებდა, ასევე ამბობს, რომ ეს ძაღლები ჯუნგლებში მას არასოდეს უნახავს.

კვლევის ერთ-ერთი მონაწილე, აღმოსავლეთ ანგილიის უნივერსიტეტის ეკოლოგიის პროფესორი კარლოს პერესი თითქმის 40 წელია ამაზონში მუშაობს. მოკლეყურებიანი ძაღლი მან მხოლოდ ერთხელ, 20 წამის განმავლობაში იხილა, როდესაც ის ხის ფუღუროში შემძვრალ ეკლებიან ვირთხას მისდევდა.

„ისინი წარმოუდგენლად იდუმალები არიან“, — ამბობს პერესი.

ძაღლისებრთა ოჯახის ბევრი წევრი, მგლებიდან დაწყებული და აფრიკული გარეული ძაღლებით დამთავრებული, ერთობლივად ნადირობს და უფრო ღია ჰაბიტატებს ამჯობინებენ, მაგალითად, ტუნდრას და საძოვრებს. მოკლეყურებიანი ძაღლები კი, რომლებიც მხოლოდ ამაზონში ბინადრობენ, ძირითადად მარტონი არიან და როგორც დოქტორი პერესი აღნიშნავს, წვიმის ტყეებს ყველაზე მეტად შეგუებულნი სხვა ძაღლისებრებს შორის. თავს ისინი ყველაზე კომფორტულად ტყეებში, ადამიანებისგან ძალიან შორს გრძნობენ.

ამის გამო, ეს სახეობა ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად შესწავლილი ძაღლია მთელ მსოფლიოში. ბევრი არაფერი ვიცით მათი ცხოვრების ისტორიის ან გამრავლების სტრატეგიების შესახებ, არც ის ვიცით, როგორია მათი რაოდენობა. არაფერი ვიცით არც იმის შესახებ, თუ რას ჭამენ ისინი, თუმცა, როგორც ერთე-ერთი კვლევა მიუთითებს, მათ ძალიან უყვართ თევზი, პატარა ძუძუმწოვრები და ხილი.

ასეთი სიტუაციის შეცვლას აქტიურად ცდილობენ ინდივიდუალური მკვლევრები. კვლევის ერთ-ერთმა მონაწილემ, ატლანტიკური ტყის კონსერვაციის კვლევითი ცენტრის დირექტორმა რენატა ლეიტ პიტმენმა ერთხელ მოკლეყურებიანი ძაღლის ლეკვი დაიჭირა და შინაურ ძაღლებთან ერთად გაზარდა. მან და მისმა ასისტენტმა ძაღლს საყელურით სიარულიც ასწავლეს და დეტალურად ინიშნავდნენ, რას ყნოსავდა და რას ჭამდა, რაზე ამბობდა უარს. პიტმენმა მოახერხა და რამდენიმე სხვა ძაღლს რადიოგადამცემიანი საყელურებიც შეაბა.

როდესაც დენიელ როჩამ კოლეგებს მოკლეყურებიანი ძაღლების მონაცემებით დახმარება სთხოვა, აღმოჩნდა, რომ ამაზონის ყველა მკვლევარს ამ საკითხზე ძალიან ცოტა ინფორმაცია ჰქონდა. უმეტესი მათგანი წარმოადგენდა ფოტოხაფანგის კადრებს და ისიც ძირითადად გადაღებული იყო სხვა პროექტების ფარგლებში, შემთხვევით.

ფოტოხაფანგების ადგილმდებარეობისა, რამდენიმე ადამიანის პირადად ნანახისა და ბუნების ისტორიის კოლექციებში დაცული ეგზემპლარების მონაცემების კომბინირების შემდეგ, როჩამ და კვლევის თანაავტორებმა შეძლეს მოკლეყურებიანი ძაღლების გავრცელების არეალის შეფასება. აღმოჩნდა, რომ ეს ტერიტორია წინა კვლევების საფუძველზე შეფასებულზე ვრცელია; ძაღლები დაფიქსირებულია ხუთ ქვეყანაში და ბინადრობენ ზონაში, რომელსაც დასავლეთით აკრავს ანდები, ჩრდილოეთით მდინარე ამაზონი და სამხრეთითა და აღმოსავლეთით წვიმის ტყეების კიდე.

ასევე დადგინდა ისიც, რომ მათ გავრცელებას საფრთხეს უქმნის ტყეების ჩეხვა. დენიელ როჩას და მისი კოლეგების შეფასებით, თუ არ მოხდება ხე-ტყის ჩეხვის, განვითარებისა და სხვა ზეწოლების მართვა, 2027 წლისთვის ეს ძაღლები ჰაბიტატის 30 პროცენტს დაკარგავენ.

როგორც როჩა აღნიშნავს, ასეთი კვლევები, რომელთა ფარგლებშიც ათობით მეცნიერი ერთი საკითხის ირგვლივ თანამშრომლობს, უფრო პოპულარული ხდება, რადგან აადვილებს ამაზონის რეგიონში ბინადარი მრავალი არსების კვლევას.

„თუ ასე ცოტა რამ ვიცით ადამიანების ყველაზე საყვარელი ცხოველის ერთ-ერთი ტიპის შესახებ, წარმოიდგინეთ, რამდენი რამ არ ვიცით უფრო ნაკლებად ქარიზმატული სახეობების შესახებ, რომელთაგან ზოგიერთი შეიძლება, ასეთივე საფრთხის ქვეშ იყოს. თუ არ ვიცით, რას ვკარგავთ, ისე მზრუნელობა ნამდვილად ძნელია“, — ამბობს კვლევის ავტორი დენიელ როჩა.

კვლევა ჟურნალ Royal Society Open Science-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია The New York Times-ის მიხედვით.