კატები პატრონებთან ძაღლებზე მეტად არიან მიჯაჭვული - ახალი კვლევა
კატები პატრონებთან ძაღლებზე მეტად არიან მიჯაჭვული - ახალი კვლევა

ბევრი ჩვენგანი ძაღლებს მეგობრულ, სიყვარულით სავსე კომპანიონებად აღიქვამს, კატებს კი ჭკვიან მხეცებად, რომლებიც ჩვენ ასე თუ ისე გვწყალობენ. თუმცა, შეიძლება ეს შეხედულება სრულიად მცდარი აღმოჩნდეს. ახალი კვლევის მიხედვით, კატები შესაძლოა ისევე იყვნენ დამოკიდებული თავიანთ ადამიან მეგობრებზე, როგორც ძაღლები.

ეს ფაქტი შეიძლება სულაც არ გაუკვირდეთ მათ, ვისაც სახლში კატა ჰყავს, თუმცა, უდავოდ შეიცავს ორ საგულისხმო რამეს. პირველი ის არის, რომ სათანადოდ ვერ ვაფასებთ იმ კავშირს, რომელიც კატას შეიძლება თავის პატრონთან ჩამოუყალიბდეს. მეორე — აჩვენებს, რომ ძაღლებს სულაც არ აქვთ მონოპოლია ჰომო საპიენსთან იდუმალ სოციალურ კავშირზე.

ორეგონის სახელმწიფო უნივერსიტეტის ცხოველების მეცნიერის, კრისტინ ვიტალის განცხადებით, ძაღლების მსგავსად, სოციალური შეგუებულობა კატებსაც აღენიშნებათ ადამიანებთან მიჯაჭვულობის თვალსაზრისით. მისივე თქმით, კატების უმეტესობა საიმედოდ არის მიჯაჭვული პატრონს და მათ ახალ გარემოში უსაფრთხოების წყაროდ იყენებენ.

ქცევითი ექსპერიმენტის ფარგლებში, მკვლევართა ჯგუფი აკვირდებოდა, როგორ ეპასუხებიან კატები პატრონებს უცნაურ გარემოში. უფრო ადრე მაკაკა მაიმუნებსა და ძაღლებზე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ორივე სახეობას უყალიბდება საიმედო და არასაიმედო მიჯაჭვულობა.

საიმედო მიჯაჭვულობის დროს, უცნაურ გარემოში ძაღლი პატრონის მხარდამხარ მიდის, თავს მოდუნებულად გრძნობს და აგრძელებს იქაურობის შეცნობას. მეორე მხრივ, არასაიმედო მიჯაჭვულობის დროს, ძაღლს აღენიშნება სტრესული ქცევა, ეკვრის პატრონს ან ცდილობს, რაც შეიძლება ხელიდან დაუსხლტეს.

მიჯაჭვულობის ამ ორი ტიპის ტესტი ვიტალმა და მისმა ჯგუფმა 79 კნუტსა და 38 ზრდასრულ კატაზე ჩაატარა.

პირველ რიგში, კნუტი ან კატა და მათი მომვლელი ოთახში ერთად მოათავსეს ისე, რომ ადამიანი შემოხაზულ წრეს შიგნით იჯდა. თუ კატა ამ წრეში შევიდოდა, ადამიანი მას ეკონტაქტებოდა. ორი წუთის შემდეგ, ადამიანი გადიოდა და კატას მარტოს ტოვებდა. კიდევ ორ წუთში, ადამიანი კვლავ ოთახში ბრუნდებოდა და ისევ წრეში ჯდებოდა.

მთლიანი ტესტის მიმდინარეობას მეცნიერები იღებდნენ, შემდეგ კი ვიდეოს აანალიზებდნენ, რათა დაედგინათ კატის მიჯაჭვულობის ტიპი.

ზრდასრული კატები ტესტში მხოლოდ ერთხელ მონაწილეობდნენ, კნუტები კი ორჯერ, ერთხელ პირველად, მეორედ კი ორი თვის შემდეგ. მათგან 39 კნუტს სოციალიზაციის კურსის 6-კვირიანი წვრთნა ჩაუტარეს, დანარჩენი 31 კი საკონტროლო ჯგუფში შეიყვანეს.

საბოლოოდ, მათგან 9 კნუტის კლასიფიცირება შეუძლებელი აღმოჩნდა, 64,3 პროცენტი საიმედოდ მიჯაჭვული, 35,7 პროცენტი კი არასაიმედოდ მიჯაჭვული. წვრთნას გავლენა არ აღმოაჩნდა მიჯაჭვულობის სტილზე.

იგივე მაჩვენებლები დაფიქსირდა ზრდასრულ კატებშიც — 65,8 პროცენტს აღენიშნებოდა საიმედო მიჯაჭვულობა, 34,2 პროცენტს კი არასაიმედო.

საინტერესოა, რომ კნუტებისა და კატების მაჩვენებლები (64,3 პროცენტი და 65,8 პროცენტი) ძალიან ახლოს არის ჩვილი ბავშვების მიჯაჭვულობის მაჩვენებელთან (65 პროცენტი). აღსანიშნავია, რომ მიჯაჭვულობის მაჩვენებელი კატებს უფრო მაღალი აღმოაჩნდათ, ვიდრე 59 კომპანიონ ძაღლს 2018 წელს ჩატარებული ტესტისას. ძაღლების 61 პროცენტი პატრონებთან საიმედოდ იყო მიჯაჭვული, 39 კი არასაიმედოდ.

კრისტინ ვიტალის წინა კვლევამ აჩვენა, რომ კატები არც ისე უკარება არიან, როგორც ზოგადი შეხედულება მეტყველებს. ადამიანებთან ურთიერთობას ისინი ხშირად საკვებისა და სათამაშოების ხათრით არჩევენ.

ახალი კვლევა მიუთითებს, რომ კატებს აქვთ უნარი და საჭირო თვისებები, რათა ადამიანებთან ჩამოაყალიბონ ღრმა სოციალური კავშირები. უბრალოდ, ისინი ამას სხვანაირად გამოხატავენ.

ვიტალის თქმით, აუცილებელია, თქვენს კატასთან ერთად გარეთ გახვიდეთ და სცადოთ მასთან ურთიერთობა. სწორედ მაშინ ნახავთ, რაც მოხდება.

მისივე თქმით, სწორედ ეს განაპირობებს (ძაღლებთან ერთად გარეთ უფრო ხშირად ყოფნა) ძაღლებისა და კატების მიმართ ასეთ განსხვავებულ შეხედულებას სოციალურ კავშირებთან მიმართებაში.

კვლევა Current Biology-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია eurekalert.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.