შექმნეს კიბოს ვაქცინა ძაღლებისთვის, რომელმაც ცდებში რევოლუციური შედეგები აჩვენა — #1tvმეცნიერება
შექმნეს კიბოს ვაქცინა ძაღლებისთვის, რომელმაც ცდებში რევოლუციური შედეგები აჩვენა — #1tvმეცნიერება

ბოლო პერიოდში ძაღლებისთვის შექმნილმა კიბოს ვაქცინამ კლინიკურ ცდებში იმედისმომცემი შედეგები აჩვენა. ეს ცდები 2016 წლიდან მიმდინარეობს და ჩნდება იმედი, რომ ამ ვაქცინის ზოგიერთი სარგებელი შეიძლება შემდეგ ადამიანის კიბოს მკურნალობაშიც გამოვიყენოთ.

ამ დროისათვის, აღნიშნული ვაქცინით უკვე 300-ზე მეტ ძაღლს უმკურნალეს; გარკვეული კიბოებისგან ძაღლების 12 თვის განმავლობაში გადარჩენის მაჩვენებელი 35-დან 60 პროცენტამდე გაიზარდა. ამას გარდა, მრავალ ძაღლში შემცირდა კიბოს მოცულობა.

პრეპარატს ოფიციალურად Canine EGFR/HER2 Peptide Cancer Immunotherapeutic-ი ჰქვია და შეიქმნა ავტოიმუნური დაავადებების კვლევის საფუძველზე, რომლებშიც იმუნური სისტემა შეჭრილი საფრთხის ნაცვლად, საკუთარი სხეულის ქსოვილებს აზიანებს. ვაქცინა ისეა შექმნილი, რომ იმუნური სისტემა კიბოზე თავდასხმისკენ მიმართოს.

„კიბოები მრავალმხრივ ჰგავს ავტოიმუნურ დაავადებებს. კიბოს უჯრედები შენივე საკუთარი ქსოვილია, რომლებსაც იმუნური სისტემა უნდა დაესხას თავს. სხვაობა ის არის, რომ გვსურს, იმუნური სისტემა კიბოს დაესხას თავს“, — ამბობს იელის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის რევმატოლოგი მარკ მამულა.

როგორც მამულას და მისი კოლეგების 2021 წლის კვლევაში გამოჩნდა, პრეპარატი იმუნურ უჯრედებს ანტისხეულებს წარმოაქმნევინებს, რომლებიც კიბოს უჯრედებს ეკვრიან და ხელს უშლიან მათ ზრდას.

ძაღლის კიბო

კერძოდ, ეს ანტისხეულები ორ ცილაზე ნადირობს: ეპიდერმისის ზრდის ფაქტორ რეცეპტორზე (EGFR) და ადამიანის ეპიდერმისის ზრდის ფაქტორ რეცეპტორ 2-ზე (HER2). მუტაციები ამ ცილების გადამეტებულ ექსპრესიას იწვევს, რაც განაპირობებს უჯრედების უკონტროლო დაყოფას ადამიანის და ძაღლის ზოგიერთ კიბოებში.

არსებული სამკურნალო საშუალებები, რომლებიც EGFR-სა და HER2-ს იღებს მიზანში, მხოლოდ ერთი სახის ანტისხეულს წარმოქმნის. ახალი ვაქცინა მის ეფექტებს პოლიკლონური პასუხის წარმოქმნის გზით აძლიერებს — მასში ჩართულია არა ერთი, არამედ მრავალი სხვადასხვა იმუნური უჯრედის ანტისხეულები, რაც კიბოს პრეპარატისადმი რეზისტენტულობას ურთულებს.

„ვეტერინარულ ონკოლოგიაში, ინსტრუმენტების ყუთი გაცილებით პატარაა, ვიდრე ადამიანის ონკოლოგიაში. ეს ვაქცინა ნამდვილად რევოლუციურია. ვეტერინარი ონკოლოგისთვის ამაზე ამაღელვებელი არაფერია“, — ამბობს იელის სამედიცინო სკოლის ვეტერინარი ონკოლოგი გერი პოსტი.

ამ ეტაპზე, ვაქცინა დიაგნოზის შემდეგი სამკურნალო საშუალებაა და არა პრევენციული ზომა, მაგრამ უკვე არაერთ ძაღლს დაეხმარა. მათ შორის იყო ძაღლი, სახელად ჰანტერი, რომელსაც ახლა კიბო აღარ აქვს. ორი წლის წინ, მას ძვლის კიბოს ერთ-ერთი ტიპის, ოსტეოსარკომის დიაგნოზი დაუსვეს.

როგორც წესი, ოსტეოსარკომის დიაგნოზიდან 12 თვის განმავლობაში ძაღლების მხოლოდ 30 პროცენტი რჩება ცოცხალი. სიცოცხლის განმავლობაში, კიბო დაახლოებით ყოველი ოთხიდან ერთ ძაღლს ემართება. შესაბამისად, ამ პრეპარატის პოტენციური გავლენა უზარმაზარი იქნება.

თუ გავითვალისწინებთ მსგავსებებს ადამიანისა და ძაღლის კიბოებს შორის, გენეტიკური მუტაციებით დაწყებული, სიმსივნის ქცევისა და პრეპარატზე რეაგირებით დამთავრებული, მკვლევრები ფიქრობენ, რომ ეს ვაქცინა ადამიანის კიბოების წინააღმდეგ ბრძოლაშიც დიდ დახმარებას გაგვიწევს.

იელის უნივერსიტეტის ჯგუფი სულაც არ არის ერთადერთი, რომლებმაც ძაღლის კიბოების წინააღმდეგ პროგრესს მიაღწიეს. მკვლევრები ცდებს უტარებენ სხვადასხვა სახის იმუნოთერაპიებს მელანომისა და ლიმფომის მქონე ძაღლებისთვის. თუმცა, ადამიანის კიბოების მსგავსად, მკურნალობაზე ყველა ძაღლი არ რეაგირებს.

„ძაღლები ადამიანთა მსგავსად, სპონტანურად ავადდებიან კიბოთი. მათი კიბოებიც იზრდება, უშვებს მეტასტაზებს და განიცდის მუტაციებს“, — ამბობს მამულა.

კვლევა Translational Oncology-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია news.yale.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.