მაია ბითაძე - ერთმნიშვნელოვნად ვაცხადებ, რომ ცხოველებზე ევთანაზიის არანაირი ახალი რეგულაცია არ შემოგვაქვს
მაია ბითაძე - ერთმნიშვნელოვნად ვაცხადებ, რომ ცხოველებზე ევთანაზიის არანაირი ახალი რეგულაცია არ შემოგვაქვს

ერთმნიშვნელოვნად ვაცხადებ, რომ ევთანაზიის არანაირი ახალი რეგულაცია არ შემოგვაქვს. უფრო მეტიც, მოქმედი კანონმდებლობა ბევრად ჰუმანურია, ვიდრე, მათ შორის, ევროკავშირის კანონმდებლობა და ევთანაზიას ექვემდებარება მხოლოდ იმ ცხოველზე საეჭვო შემთხვევა, რომელიც დაკვირვების საშუალებას არ იძლევა და მიმკედლებელი ან მეპატრონე უარს ამბობს დაკვირვებაზე 45 დღის ან ექვსი თვის განმავლობაში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, მაია ბითაძემ „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.

ბითაძემ აღნიშნა, რომ სოციალური ქსელებისა და ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საზოგადოება დაექვემდებარა ზეგავლენას და ბულინგის მძიმე კამპანია მიმდინარეობს, როდესაც რეალურად ევთანაზიის არანაირი ახალი რეგულაცია არ შემოაქვთ.

„ხაზგასმით, მინდა, ვთქვა ევთანაზიასთან დაკავშირებით: მოქმედი კანონმდებლობა გასულ წელს მივიღეთ, უკვე ერთი წელია, მოქმედებს რეგულაცია, მთავრობამ დაამტკიცა. ეს კანონი იმ რეგულაციაზე აკეთებს მითითებას და შესაძლებელია, ამ კანონშიც გადმოვიტანოთ გარკვეული დებულებები, რომ ევთანაზია არის დაუშვებელი, გარდა იმ შემთხვევისა, თუ არა გვაქვს კარანტინი, ცოფის გავრცელების საშიშროება. ამ შემთხვევაშიც კი კანონმდებლობით გაწერილია ვადები – ექვსი თვე, 45 დღე, სადაც მიმკედლებელი და მეპატრონე ვალდებულია, ძაღლს დააკვირდეს და ხელი არ შეუშალოს ამ დაკვირვების პროცესს. მხოლოდ ამის შემდგომ, თუ ისინი დაკვირვებას ხელს შეუშლიან 45 დღის ან ექვსი თვის განმავლობაში, სხვადასხვა მიმართულებაა, ექვემდებარება ძაღლი ევთანაზიას. ეს არის საეჭვო შემთხვევის განმარტება“, – განაცხადა ბითაძემ.