ამაზონის აუზში ყველაზე ძლიერი ელექტრული გველთევზა აღმოაჩინეს, რომელიც 860 ვოლტს გამოიმუშავებს
ამაზონის აუზში ყველაზე ძლიერი ელექტრული გველთევზა აღმოაჩინეს, რომელიც 860 ვოლტს გამოიმუშავებს

ამაზონის აუზში მეცნიერებმა ორი სრულიად ახალი სახეობის ელექტრული გველთევზა აღმოაჩინეს; ერთ-ერთ მათგანს რეკორდული ელექტროშოკის გამოწვევა შეუძლია.

მკვლევართა განცხადებით, ეს აღმოჩენა კიდევ ერთხელ ადასტურებს ამაზონის წვიმის ტყის წარმოუდგენელ მრავალფეროვნებას ჯერ კიდევ უცნობი მრავალი სახეობით და ნათლად აჩვენებს, რატომ უნდა დავიცვათ ეს რეგიონი განადგურებისგან.

კვლევის ავტორის, სმიტსონის ბუნების ისტორიის ეროვნული მუზეუმის ზოოლოგის, დავიდ დე სანტანას თქმით, მიუხედავად ბოლო 50 წლის განმავლობაში ადამიანის მიერ ამაზონის წვიმის ტყისათვის მიყენებული დიდი ზიანისა, იქ მაინც ხერხდება აქამდე უცნობი სახეობების აღმოჩენა, როგორიც ეს ორი გიგანტური ელექტრული გველთევზაა.

დე სანტანას განცხადებით, ეს კვლევა მიუთითებს, რომ ამაზონის წვიმის ტყეში ჯერ კიდევ ძალიან ბევრი სახეობაა აღმოსაჩენი, რომელთაგან მრავალი შეიძლება არაერთი დაავადების წამალს მალავდეს ან შთაგვაგონოს ტექნოლოგიური ინოვაციები.

ელექტრულმა გველთევზამ, რომელიც უფრო თევზია ვიდრე გველი, მეცნიერებს შთააგონა პირველი ელექტრობატარეის დიზაინი.

საუკუნეების განმავლობაში მიიჩნეოდა, რომ დიდი ამაზონიის რეგიონში, რომელიც ბრაზილიის, სურინამისა და გაიანის ტერიტორიებს მოიცავს, ელექტრული გველთევზას მხოლოდ ერთი სახეობა არსებობდა.

სამხრეთ ამერიკის მიუწვდომელი ნაწილების ველური ბუნების კვლევის ფარგლებში, დე სანტანამ და მისმა ჯგუფმა ამ თეორიის შემოწმება გადაწყვიტა.

თავდაპირველად, ამაზონის აუზის სხვადასხვა ნაწილებში შეგროვებულ ამ არსებათა შორის მცირედი ხილული განსხვავებები შენიშნეს და იფიქრეს, რომ ყველა ეს თევზი მართლაც ერთი სახეობის იყო.

თუმცა, შეგროვებული 107 ნიმუშის დნმ-ის ანალიზებმა საუკუნეების განმავლობაში არსებული მოსაზრება უკუაგდო და გამოავლინა სამი სხვადასხვა სახეობა — აქამდე ცნობილი Electrophorus electricus, Electrophorus voltai და Electrophorus varii.

კვლევის შედეგად გაირკვა კიდევ ერთი განსაცვიფრებელი დეტალი — E. Voltai-ს 860-ვოლტიანი ძაბვის გამომუშავება შეუძლია. აქამდე ცნობილი გველთევზებს შორის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 650 ვოლტი იყო.

მკვლევართა აზრით, ელექტრული გველთევზის ეს სამი სახეობა საერთო წინაპრისგან ჩამოყალიბდა მილიონობით წლის წინ.

მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ თითოეულ ამ სახეობას აქვს მკაფიოდ განსაზღვრული ჰაბიტატი — E. Electricus-ი ბინადრობს გვიანის ზეგანზე, E. Voltai სამხრეთით, ბრაზილიის ზეგანზე, E. Varii კი ამაზონის აუზის დაბლობების ნელ დინებებში.

ჯგუფის ვარაუდით, E. Voltai-ს განსაკუთრებით ძლიერი ელექტროშოკის წარმოქმნის უნარი შეიძლება იყოს მაღალმთიანი რეგიონის წყლებში არსებობას შეგუების შედეგი, რადგან ასეთ გარემოში გამტარუნარიანობა მცირეა.

გველთევზები თავიანთ ელექტროშოკს სხვადასხვა მიზნებით იყენებენ, მათ შორის, მსხვერპლზე თავდასხმისთვის, თავდაცვისა და ნავიგაციისთვის. ელექტროენერგიას ისინი წარმოქმნიან სამ სპეციალურ ელექტრულ ორგანოში, რომლებსაც სხვადასხვა მიზნებისთვის სხვადასხვა სიძლიერის მუხტების გამოყოფა შეუძლია.

სწორედ ელექტრული გველთევზას ფიზიოლოგია გახდა იტალიელი ფიზიკოსის, ალესანდრო ვოლტას შთაგონების წყარო 1799 წელს, როცა მან პირველი ელექტრული ბატარეა შექმნა.

კვლევა ჟურნალ Nature Communications-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია The Guardian-ისა და CNN-ის მიხედვით.