მალხაზ სონღულაშვილი - რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის არა კრიმინალიზება, არამედ განათლების დონის ამაღლებაა აუცილებელი
ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის მთავარეპისკოპოსი მალხაზ სონღულაშვილი ფიქრობს, რომ რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის კრიმინალიზება არ არის აუცილებელი.
როგორც მალხაზ სონღულაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მთავარია ქვეყანაში საზოგადოების განათლება გაიზარდოს და მოქალაქეებმა იცოდნენ, რომ ერთმანეთის მოსაზრებებს პატივი უნდა სცენ.
„საქართველოს შემთხვევაში არა კრიმინალიზაცია რელიგიური გრძნობებისა, არამედ განათლების დონის ამაღლებაა აუცილებელი, რომ საზოგადოებაში რელიგიურობის გარეშე ყველა ადამიანს შეეძლოს პატივისცემით მოეპყროს სხვა ადამიანს. არა მარტო ადამიანს, არამედ მთელ სამყაროს, მოწიწებული დამოკიდებულება მართებს ადამიანთა მიმართ, ცხოველის მიმართ, გარესამყაროს მიმართ, ეს არის მთავარი. ამისი კრიმინალიზება ჩვენ წაგვიყვანს შუასაუკუნეობრივ აზროვნებაში. შუასაუკუნეების მაგალითიდან ვიცით, რომ ამას კარგი შედეგი არავისთვის მიუცია. იმედია, ეს ასე არ მოხდება”, – განაცხადა სონღულაშვილმა.
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის გადაწყვეტილებით, კომიტეტში სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, სადაც რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფასთან დაკავშირებით საკანონმდებლო რეგულაციებზე იმსჯელებენ. ჯგუფში საქართველოს საპატრიარქოს, ასევე სხვადასხვა კონფენსიის წარმომადგენლები შევლენ. მსგავსი გადაწყვეტილება ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში „სისხლის სამართლის კოდექსში“ ემზარ კვიციანის მიერ მომზადებული ცვლილებების განხილვისას მიიღეს.
ემზარ კვიციანის მიერ ინიცირებული ცვლილებებით, რელიგიური სიწმინდეების, რელიგიური ორგანიზაციის, ღვთისმსახურის და მორწმუნის მიმართ საჯარო გამოხატვა ან ისეთი მასალის გამოქვეყნება ან ჩვენება, რომელიც მიზნად ისახავს მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფას, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.
ამას გარდა, კანონპროექტით, რელიგიური შენობების და სხვა რელიგიური სიწმინდეების წაბილწვა, მასზე ნებისმიერი წარწერის გაკეთება ან დაზიანება, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.