დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე - ეკლესიას არ სჭირდება კომფორტი იმ კუთხით, რომ კანონმა მისი მისიის განხორციელებას ხელი შეუწყოს
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე - ეკლესიას არ სჭირდება კომფორტი იმ კუთხით, რომ კანონმა მისი მისიის განხორციელებას ხელი შეუწყოს

ეკლესიას არ სჭირდება კომფორტი იმ კუთხით, რომ კანონმა მისი მისიის განხორციელებას ხელი შეუწყოს, – განაცხადა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრის თანაშემწემ, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.

„იმისთვის, რომ თავისი მისია განახორციელოს, ქრისტიანულ მართლმადიდებლურ ეკლესიას რამე განსაკუთრებული გარემოებების შექმნა არ სჭირდება. ამას იმიტომ ვამბობ, ვინმემ არ იფიქროს, რომ ეს საპატრიარქოსგან მომავალი ინიციატივაა. ეკლესია თავის მისიას საუკუნეების განმავლობაში, სრულიად განსხვავებულ სახელმწიფო მოწყობის პირობებში ახორციელებდა და ადამიანის ღმერთთან შერიგების მისიას განუხრელად აღასრულებდა“, – განაცხადა ჯაღმაიძემ.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრის თანაშემწემ ასევე განაცხადა, რომ სახელმწიფოებს აქვთ საშუალება, გამოხატვისა და რელიგიის თავისუფლების ჭრილში თავისი კულტურული თავისებურებების მიხედვით რაღაც ნორმები დააყენონ.

„ამას ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია სრულიად იტანს. იძლევა რა რეკომენდაციებს, ყველა სახელმწიფოს აძლევს საშუალებას, გარკვეული ნორმები თავად მიიღოს, რათა მოქალაქეობრივი კონსენსუსი მოხდეს და კულტურულ-მოქალაქეობრივ ცხოვრებაში ურთიერთპატივისცემითა და სიმშვიდით საზოგადოებრივი განვითარების საშუალება არსებობდეს“, – განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის გადაწყვეტილებით, კომიტეტში სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, სადაც რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფასთან დაკავშირებით საკანონმდებლო რეგულაციებზე იმსჯელებენ.  აღნიშნული გადაწყვეტილება კომიტეტში „სისხლის სამართლის კოდექსში“ ემზარ კვიციანის მიერ მომზადებული ცვლილებების განხილვისას მიიღეს.  ცვლილებებით, რელიგიური სიწმინდეების, რელიგიური ორგანიზაციის, ღვთისმსახურის და მორწმუნის მიმართ საჯარო გამოხატვა ან ისეთი მასალის გამოქვეყნება ან ჩვენება, რომელიც მიზნად ისახავს მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფას, დაისჯება ჯარიმით ან ერთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით.

ამას გარდა, კანონპროექტით, რელიგიური შენობების და სხვა რელიგიური სიწმინდეების წაბილწვა, მასზე ნებისმიერი წარწერის გაკეთება ან დაზიანება, ჯარიმით ან ორ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით დაისჯება.