მაიას ცივილიზაციის ერთ დროს დიადი ქალაქის მიტოვების მიზეზი შესაძლოა, საბოლოოდ გაირკვა
მაიას ცივილიზაციის ერთ დროს დიადი ქალაქის მიტოვების მიზეზი შესაძლოა, საბოლოოდ გაირკვა

მაიას ცივილიზაციის ქალაქი ტიკალი თითქმის 1000 წლის განმავლობაში ყვაოდა და წარმოადგენდა ერთ-ერთ ყველაზე უმსხვილეს და მნიშვნელოვან ურბანულ ცენტრს ამ კოლუმბამდელი ცივილიზაციის მიერ ოდესმე აშენებულ ქალაქთა შორის.

თუმცა, მე-9 საუკუნის ბოლოს, თანამედროვე გვატემალის ტერიტორიაზე მდებარე ტიკალი დაეცა. იმავე პერიოდში, ტიკალთან ერთად მაიას კიდევ რამდენიმე ქალაქი მიატოვეს; ტიკალის წყალმომარაგების რეზერვუარების ახალი ანალიზები ამ მნიშვნელოვან ცნობებს გვაწვდის ამ ქალაქთა მიტოვების მიზეზების შესახებ.

ცინცინატის უნივერსიტეტის მკვლვართა ჯგუფმა უძველესი ქალაქის წყლის რეზერვუარის დანალექები შეისწავლა. ანალიზებმა გამოავლინა ტოქსიკური დამაბინძურებლების კვალი, რომლებსაც ტიკალის სასმელი წყალი დასალევად უვარგისი უნდა გაეხადა.

ტბებისა და მდინარეებისგან მოშორებით საკმაოდ დიდ ფართობზე გაშლილ ტიკალს საკმაოდ აწუხებდა გვალვები. წვიმის წყლის დაბინძურებული შემგროვებლები ქალაქის მცხოვრებლებისთვის ნამდვილი კატასტროფის ტოლფასი უნდა ყოფილიყო; განვითარების პიკში ტიკალის მოსახლეობა 100 000 ადამიანს აღწევდა.

„ტიკალის ცენტრალური რეზერვუარი მაცოცხლებლიდან დაავადებათა გამომწვევად გადაიქცა, რაც შეიძლება, ამ დიდებული ქალაქის მიტოვების მთავარი მიზეზი გამხდარიყო“, — წერენ მკვლევრები.

იმის გასარკვევად, თუ როგორ ამარაგებდა ტიკალის რეზერვუარი ქალაქის მოსახლეობას, მკვლევართა ჯგუფმა ბიოლოგ დევიდ ლენცის ხელმძღვანელობით, ქალაქის 10 რეზერვუარიდან დანალექების ნიმუშები აიღო.

უძველეს მიწაში ჯერ კიდევ შემორჩენილი დნმ-ის ანალიზებმა რეზერვუარებში გამოავლინა ორი სხვადასხვა სახის ციანობაქტერიის (ლურჯ-მწვანე წყალმცენარე) კვალი.

მტკიცებულებები მიუთითებს, რომ ეს ორგანიზმები — Planktothrix-ი და Microcystis-ი ტიკალის რეზერვუარებში საუკუნეების განმავლობაში არსებობდა, მაგრამ განსაკუთრებით პრობლემური გახდა სასტიკი გვალვების პერიოდში ლურჯ-მწვანე წყალმცენარეების „აფეთქებისას“, ტიკალის მიტოვებამდე ოდნავ ადრე, მე-9 საუკუნის შუა წლებში.

„წყალი ძალიან დაბინძურებული უნდა ყოფილიყო, გემოც საძაგელი უნდა ჰქონოდა. ამის მიზეზი კი ლურჯ-მწვანე წყალმცენარეების რაოდენობის ზრდა იყო, რის გამოც, ამ წყლის დალევა უბრალოდ შეუძლებელი უნდა ყოფილიყო“, — ამბობს მკვლევართა ჯგუფის წევრი, არქეოლოგიური გეოლოგი კენეთ ტანკერსლი.

ბაქტერიები ტოქსიკურობის ერთადერთი წყარო როდი იყო. დანალექების ანალიზები ასევე მიუთითებს ელემენტ მერკურის მაღალ დონეზე.

მას შემდეგ, რაც მერკურით დაბინძურება ბუნებრივი წყაროდან გამორიცხეს (მერკური წყლის რეზერვუარებში ფსკერის ქანებიდან ჟონავს ან ვულკანური ფერფლით ცვივა), მკვლევრებმა გააცნოებიერეს, რომ ამ ელემენტით რეზერვუარი მაიას ხალხმა თავად დააბინძურა.

„უძველესი მაიას სამყაროში ფერს უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. აქტიურად იყენებდნენ კედლის მხატვრობაში. ბათქაშს წითლად ღებავდნენ. იყენებდნენ სამარხებში და რკინის ჟანგთან შერევით, იღებდნენ განსხვავებულ ჩრდილებს“, — ამბობს ტანკერსლი.

მაიას ხალხისდა საუბედუროდ, მხატვრობაში გამოყენებული ერთ-ერთი ინგრედიენტი გახლდათ წითელი ფერის მინერალი სინგური, რომელიც მერკურის სულფიდის ფორმით გვხვდება და შეხებისას, ადამიანისთვის მომწამვლელია.

ასეთი ტოქსიკურობის შესახებ შეიძლება მაიასთვისაც ცნობილი იყო, რადგან ამის შესახებ კარგად იცოდნენ სხვა ძველმა ხალხებმა. თუმცა, იმ სიფრთხილიდან გამომდინარე, რომლითაც მას ეპყრობოდნენ, არ არის გამორიცხული, რომ ამის შესახებ ვერც ვერასოდეს გაიგეს; დროთა განმავლობაში, წვიმის წყალმა სხვადასხვა ადგილის მხატვრობიდან ეს ნივთიერებები გადარეცხა და ქალაქის რეზერვუარებში ჩაიტანა; ამის გამო მოიწამლებოდა ქალაქის ელიტაც კი, რომელიც ტიკალის სასახლის სიახლოვეს, ტაძრის რეზერვუარებთან ცხოვრობდა.

შედეგად, ტიკალის შეძლებული ოჯახები ყოველი სადილობისას მერკურით დაბინძურებულ საკვებს მიირთმევდნენ. დაბინძურებულ წყალს უარყოფითი გავლენა უნდა ჰქონოდა საზოგადოების ჯანმრთელობაზე, განსაკუთრებით მმართველ ელიტაზე, რამაც შეიძლება, გავლენა იქონია მართვის უნარზეც“, — განმარტავენ კვლევის ავტორები.

იმავე პერიოდში, მაიასთვის ასევე უდიდესი პრობლემა იყოს კლიმატის გამოშრობა და გარემო პირობების გაუარესება. თუმცა, სასმელი წყლის ნაკლებობა საბოლოო საფეხური უნდა ყოფილიყო გვალვიან, ტანჯულ, დაბინძურებულ ქალაქში, რის შემდეგაც, ის მიატოვეს.

კვლევა ჟურნალ Scientific Reports-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია uc.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.