აღმოჩენილია მაიას ცივილიზაციის 260-დღიანი კალენდრის უძველესი ნიმუში — #1tvმეცნიერება
აღმოჩენილია მაიას ცივილიზაციის 260-დღიანი კალენდრის უძველესი ნიმუში — #1tvმეცნიერება

უძველეს მესოამერიკულ კედლის მხატვრობის ფრაგმენტებს შორის, არქეოლოგებმა გვატემალაში აღმოაჩინეს მაიას ხალხის წმინდა კალენდრის უძველესი, ცალსახა მტკიცებულება.

ერთ დროს ტაძრის კედელზე არსებული კედლის მხატვრობის ციცქნა ფრაგმენტზე, ცხოველის თავის კვალი შავი წერტილისა და მყარი ხაზის ქვემოთ მოჩანს — ეს სიმბოლოები „7 ირემს“ განასახიერებს, კალენდარში არსებული 260 დღიდან ერთს.

ცენტრალურ ამერიკაში წმინდა კალენდრის სხვა ისტორიული ჩანაწერები აქამდეც არის აღმოჩენილი, მაგრამ ძნელი აღმოჩნდა მათი სიზუსტით დათარიღება.

ახალი აღმოჩენა წელიწადის აშკარა იეროგლიფური დღის ძლიერ უიშვიათესი ნიმუშია, რომელიც რადიონახშირბადული ანალიზების მიხედვით, ძვ. წ. 200-300 წლებს შორის არის შესრულებული.

შედეგად, ის ათასზე მეტი წლით უფრო ძველია, ვიდრე გვატემალაში აღმოჩენილი სხვა იეროგლიფური კალენდრები. ნაწერების კარგად დამუშავებიდან გამომდინარე, მკვლევრები ეჭვობენ, რომ კალენდარი იქამდეც დიდხანს გამოიყენებოდა, ვიდრე ეს კონკრეტული თარიღია დაწერილი.

„მტკიცებულება მიუთითებს, რომ ახლა უკვე აღარ შეგვიძლია გამოვყოთ მესოამერიკის რომელიმე ერთი რეგიონი, მაგალითად, ოახაკა კალენდარული ტექსტების წარმოშობის ადგილად. აღმოჩენა კალენდრის უფრო ადრეულ წარმოშობაზე მიუთითებს, სადღაც პრეკლასიკურ პერიოდზე, თუ უფრო ადრეულზე არა. თუმცა, მტკიცებულება ჯერ მაინც არაპირდაპირია“, — წერენ კვლევის ავტორები.

თარიღი „7 ირემი“ გვატემალაში, ქალაქ სან-ბარტოლოში, პირამიდა ლას-პინტურასის საძირკველში, ასობით სხვა ფრაგმენტს შორის იპოვეს.

ამ პირამიდაში მაიას ისტორიის რამდენიმე შრეა, თითოეული ერთმანეთზეა დაწყობილი და უძველესი შრე დაახლოებით ძვ. წ. 800 წელს ეკუთვნის.

ეს პირამიდა ამ ძეგლზე ყველაზე ბოლოს აშენებული სტრუქტურაა და განთქმულია, კედლის მხატვრობით, რომელიც მაიას მითოლოგიას ასახავს.

პირამიდის ქვეშ რამდენიმე სხვა სტრუქტურაა, რომლებიც ერთ დროს მის ადგილას იდგნენ. 2005 წელს, კონსტრუქციის მეხუთე შრის ქვეშ ჩატარებულმა გათხრებმა გამოავლინა თაბაშირის კედლის ნაშთები, რომლებიც იეროგლიფებით იყო მოხატული.

ეს წარწერები მაიას რეგიონში აღმოჩენილი იეროგლიფური დამწერლობის ყველაზე ადრეული მტკიცებულებებია.

ახლახან, იმავე შრეზე ჩატარებული ახალი გათხრებისას აღმოაჩინეს ის, რაც შეიძლება იეროგლიფური კალენდრის ყველაზე ადრეული მტკიცებულება იყოს.

ახალი აღმოჩენა მხოლოდ აძლიერებს მოწოდებას იმის შესახებ, რომ სან-ბარტოლოს კედლის მხატვრობას კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიანიჭონ. მოხატული თაბაშირის ფრაგმენტები ერთ დროს სავარაუდოდ კედლის მხატვრობის ნაწილი იყო, რომლის ზედაპირის დაფარული უნდა ყოფილიყო შერეული, ფერადი ნახატებითა და შავი ხაზებით მონიშნული სხვა ნახატებით.

მაგალითად, თარიღი „7 ირემი“ შავი ხაზის სტილშია დაწერილი.

ცნობილია, რომ მაიას ხალხი 260-დღიან წმინდა კალენდარს იყენებდა, რომელსაც ზოგიერთი ადგილობრივი საზოგადოება დღემდე იყენებს. ამ კალენდარში თითოეულ დღეს 1-დან 20-მდე ჰქვია გარკვეული თანმიმდევრობით და ისინი წელიწადში 13-ჯერ მეორდება.

მაგალითად, დღეს, სახელად „7 ირემი“, მოსდევს დღე „8 კურდღელი“, დღე „9 წყალი“ და დღე „10 ძაღლი“.

ზედა ფრაგემტია იეროგლიფი, რომელიც აშკარად ასახავს ირმის თავს. ამ თავს ზემოთ, რომელიც უბრალო ჩარჩოშია ჩასმული, ზის წვეტიანი რიცხვი 7.

ქვედა ფრაგმენტი, რომელიც პირდაპირ კალენდრის ქვეშ ზის, მოიცავს გაურკვეველი მნიშვნელობის კიდევ ერთ იეროგლიფს. ვერტიკალური განლაგება ძლიერ მიუთითებს, რომ ზემოთ მოყვანილი თარიღი ერთგვარი წარწერაა ქვემოთ მოყვანილის.

არ არის გამორიცხული, ირემი სახელსაც განასახიერებდეს, რადგან ზოგჯერ, მაიას ხალხი სახელებს კალენდარული მოვლენების მიხედვით არქმევდა. თუმცა, მკვლევრები ეჭვობენ, რომ ის უფრო თარიღს აღნიშნავს.

„260-დღიანი კალენდარი დიდი ხნის განმავლობაში წარმოადგენდა საკვანძო ელემენტს მესოამერიკულ განმარტებებში; ის, რომ მან მრავალ საზოგადოებაში დღემდე გაძლო, მოწმობს მის მნიშვნელობას რელიგიურ და სოციალურ ცხოვრებაში. 23 საუკუნის წლის წინანდელი ნიმუშის აღმოჩენა მოწმობს მის ისტორიულ და კულტურულ მნიშვნელობასაც“, — წერენ არქეოლოგები.

კვლევა Science Advances-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.