მაიას ცივილიზაციის უკანასკნელ ქალაქში დიდი ოდენობით არქეოლოგიური მასალა აღმოაჩინეს — #1tvმეცნიერება
მაიას ცივილიზაციის უკანასკნელ ქალაქში დიდი ოდენობით არქეოლოგიური მასალა აღმოაჩინეს — #1tvმეცნიერება

გვატემალაში, მაიას ცივილიზაციის იმ უკანასკნელ ქალაქში, რომელიც ყველაზე ბოლოს დანებდა ესპანელ დამპყრობლებს, არქეოლოგებმა კერამიკა, ადამიანთა სასაფლაოები და ესპანური თოფის ტყვიები აღმოაჩინეს.

გათხრების ახალი პროექტი ივნისში დაიწყო და მისი მიზანი ქალაქ ტაიასალის უკეთ შესწავლა იყო, სადაც მაიას პირველი მოსახლეები ჯერ კიდევ ძვ. წ. 900 წელს, პრეკლასიკურ პრიოდში დასახლდნენ.

ტაიასალი მაიას ბოლო ქალაქი იყო, რომელიც ესპანელებმა აიღეს, 1697 წელს, თანამედროვე გვატემალის დასავლეთ სანაპიროზე ევროპელთა პირველად შესვლიდან საუკუნის შემდეგ.

„გვატემალის ჩრდილოეთ ნაწილი თითქმის ასი წლის განმავლობაში რჩებოდა ესპანელთა ბატონობის მიღმა და ამის მიზეზი ძირითადად ის იყო, რომ ჯუნგლები ბუნებრივი საზღვრის როლს ასრულებდა, რამაც იქ ესპანელ დამპყრობელთა შესვლა გაართულა“, — ამბობს არქეოლოგი სუარლინ კორდოვა.

1525 წელს, ტაიასალი იმ გზის ნაწილი იყო, რომელიც ესპანელმა კონკისტადორმა ერნან კორტესმა თანამედროვე ჰონდურასის ტერიტორიაზე შესასვლელად გამოიყენა.

ტაიასალის ნაქალაქარის შენობათა უმეტესობა დღეს მიწითა და მცენარეოლობითაა დაფარული; ძეგლის ფართობი 7 კვადრატული კილომეტრია პეტენ-იცის ტბის მახლობლად მდებარეობს.

ძეგლის ნაწილობრივ მოშიშვლებულ სტრუქტურებს შორის არის 30 მეტრის სიმაღლის აკროპოლისი, რომელიც, მკვლევართა განცხადებით, მმართველი ელიტის რეზიდენცია იყო.

ასევე ჩანს, თუ რამდენად კარგად იყენებდნენ წყალს ესპანელებამდელ ეპოქაში.

პროექტის ერთ-ერთი მიზანია ძეგლის გაუმჯობესება, რათა ტურისტებმა უკეთ გაიცნონ მაიას ვრცელი რეგიონის არქეოლოგიური ღირებულება.

მაიას ცივილიზაცია წარმოდგენილი იყო თანამედროვე მექსიკის სამხრეთ ნაწილში, გვატემალაში, ბელიზისა, სალვადორისა და ჰონდურასის გარკვეულ ნაწილებში; განვითარების მწვერვალს ახ. წ. 250 – 900 წლებში მიაღწია.

მომზადებულია Agence France-Presse-ის მიხედვით.