აღმოჩენილია მაიას ცივილიზაციის დიდი ხნის წინ დაკარგული ათასზე მეტი ნამოსახლარი — #1tvმეცნიერება
აღმოჩენილია მაიას ცივილიზაციის დიდი ხნის წინ დაკარგული ათასზე მეტი ნამოსახლარი — #1tvმეცნიერება

დაკარგული ცივილიზაციების აღმოჩენა ძალიან დიდი ამბავია. ჩრდილოეთ გვატემალაში, LIDAR-ის ლაზერული სკანირების ტექნოლოგიით, მაიას ცივილიზაციის აქამდე უცნობი, თვალისათვის შეუმჩნეველი 1000-მდე ნასახლარი აღმოაჩინეს.

დასახლებები საკმაოდ ვრცელ ტერიტორიაზეა გადაჭიმული: მკვლევართა მიერ შემჩნეული შენობები და სტრუქტურები დაახლოებით 1683 კვადრატულ კილომეტრზე ვრცელდება, მირადორ-კალამკულის კარსტულ აუზსა და მის უშუალო შემოგარენში. ეს ადგილები ძვ. წ. 1000 – 250 წლებს შორის უნდა ყოფილიყო დასახლებული.

ამერიკელი, გვატემალელი და ფრანგი მკვლევრები აღნიშნავენ, რომ მათ მიერ აღმოჩენილი ნასახლარები ერთმანეთთან საკმაოდ მჭიდროდ არის მიწყობილი, რაც კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ეს ადრეული მესოამერიკული ადგილები ერთ დროს დასახლებული იყო.

აღმოჩენილ სტრუქტურებს შორის არის სახლები, სპორტული მოედნები, რელიგიური, საცერემონიო და სამოქალაქო ცენტრები, მათი დამაკავშირებელი ქვაფენილებისა და არხების ფართო ქსელი.

„ამ დასახლებებიდან მრავალი წარმოაჩენს პოლიტიკურ/სოციალურ/გეოგრაფიულ კავშირს ახლომდებარე სხვა დასახლებებთან, რამაც განაპირობა სულ მცირე 417 უძველესი ქალაქისა და სოფლის კონსოლიდაცია ერთ, იდენტიფიცირებად საზღვარში“, — წერენ მკვლევრები პუბლიკაციაში.

მაიას ტომები

დასახლებებს შორის შემჩნეული კავშირები მიუთითებს, რომ ისინი სამეფოს მსგავს სახელმწიფოში შედიოდნენ, რომელშიც სავარაუდოდ იყო საერთო იდეოლოგიები და პოლიტიკა.

მკვლევართა განცხადებით, ასეთი სტრუქტურების ასაგებად მრავალმხრივი უნარებია საჭირო: კირის მწარმოებლები, ქვიტკირისა და კარიერის სპეციალისტები, ქვის მთლელები, არქიტექტორები სამართალდამცველები და სასულიერო პირები.

„შუა და გვიანდელი კლასიკური პერიოდის მასიური პლატფორმების, სასახლეების, დამბების, ქვაფენილებისა და პირამიდების მშენებლობაში ჩართული სამუშაო ძალის მასშტაბი მიუთითებს ათასობით მუშისა და სპეციალისტის ჩართულობაზე“, — წერენ მკვლევრები.

ასევე შეინიშნება სადრენაჟო და წყლის შემკრები ჭკვიანური სისტემების არსებობა, რაც წყალს დასახლებებს შორის ადვილად მოძრაობის საშუალებას აძლევდა გვალვისა თუ წყალდიდობების პერიოდებში; ცნობილია, რომ მაიას ხალხი ასეთი სისტემების ნამდვილი ექსპერტები იყვნენ.

LIDAR-ის აერო ლაზერული სკანირების სისტემის წყალობით, მეცნიერები ადვილად „იხედებიან“ გაუვალი მცენარეული საფარის ქვეშ, რომელთა ქვეშაც უძველესი სტრუქტურებია მოქცეული. ბოლო წლებში, ამ სისტემით აღმოაჩინეს ძველი ნაქალაქარები კამბოჯაში და ნასოფლარები ამაზონის ჯუნგლებში.

ამ ტექნოლოგიით ამჯერად კიდევ ერთი ვრცელი ქსელი აღმოაჩინეს, რომლის გათხრებსაც მკვლევრები უკვე გეგმავენ. შესაბამისად, წინ კიდევ უფრო მეტი აღმოჩენა გველოდება.

კვლევა Ancient Mesoamerica-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.