მექსიკის ჯუნგლებში მაიას ცივილიზაციის დიდი ხნის წინ დაკარგული ქალაქი აღმოაჩინეს — #1tvმეცნიერება
მექსიკის ჯუნგლებში მაიას ცივილიზაციის დიდი ხნის წინ დაკარგული ქალაქი აღმოაჩინეს — #1tvმეცნიერება

თანამგზავრული გამოსახულებებისა და სხვა ხელსაწყოების გამოყენებით, პლანეტის დიდი ნაწილი ამჟამად სრულყოფილად არის რუკაზე დატანილი, მაგრამ მსოფლიოს ყველაზე მიყრუებულ და მიუწვდომელ ადგილებში მაინც მრავალი საიდუმლო იმალება.

სამხრეთ მექსიკაში, იუკატანის ნახევარკუნძულის გაუვალ ჯუნგლებში 60 კილომეტრის გავლა არქეოლოგთა ჯგუფს ნამდვილად დაუფასდა: აღმოაჩინეს მაიას ცივილიზაციის დიდი ხნის წინ დაკარგული ქალაქი, რომლის შესახებ ჩანაწერებიც კი არ არსებობდა.

ახალ ქალაქს ოკომტუნი უწოდეს, რაც „ქვის სვეტს“ ნიშნავს. ვრცელი ძეგლი მოიცავს მოედნებს, პირამიდის სტილის დიდ ნაგებობებს, ქვის სვეტები და კონცენტრირებული რგოლების სახით განლაგებული სხვა სტრუქტურები.

რა თქმა უნდა, ქალაქის დიდი ნაწილი დრომ იმსხვერპლა: არქეოლოგთა განცხადებით, ქვის სვეტები თავდაპირველად შეიძლება ზედა ოთახებში შესასვლელები ყოფილიყო. ასევე არის ბურთის სათამაშო მოედანი, რომელსაც რეკრეაციული და ზოგჯერ რელიგიური დანიშნულებაც ჰქონდა.

მაიას ცივილიზაცია

 

მკვლევართა მიერ ადგილზე ჩატარებული საველე სამუშაოების გარდა, რეგიონი LIDAR-ითაც დაასკანირეს. ეს ტექნოლოგია ლაზერული სხივების ანარეკლების საფუძველზე აფიქსირებს შენობებს, რომლებიც ხეებსა და მცენარეულობაში ისეა ჩაფლული, რომ თვალისთვის შეუმჩნეველია.

„ყველაზე დიდი სიურპრიზი აღმოჩნდა ნახევარკუნძულის მთიანეთში მდებარე ადგილი, რომელსაც გარს აკრავს უკიდურესად ჭარბტენიანი მიწები. მისი მონუმენტური ბირთვი 50 ჰექტარზე მეტზეა გადაჭიმული და მოიცავს მრავალ დიდ ნაგებობას, მათ შორის რამდენიმე პირამიდულ სტრუქტურას, რომელთა სიმაღლეც 15 მეტრს აჭარბებს“, — ამბობს ჯგუფის ხელმძღვანელი, არქეოლოგი ივან შპრაიცი.

ეს ტროპიკული ტყეები უზარმაზარია, თითქმის 3000 კვადრატული კილომეტრის ფართობის დაუსახლებელი ჯუნგლები, რომელიც თითქმის არ ვიცით, რას მალავს. ამის მიზეზი ნაწილობრივ არის გაუვალი მცენარეულობა.

შპრაიცის და მისი კოლეგების ცნობით, ეს ქალაქი მნიშვნელოვანი ადგილობრივი კვანძი უნდა ყოფილიყო ახ. წ. 250 – 1000 წლებს შორის პერიოდში, რაც მაიას ცივილიზაციის კლასიკური პერიოდის სახელით არის ცნობილი.

მაიას ცივილიზაცია

ძეგლზე აღმოჩენილი კერამიკის ქოთნის ფრაგმენტების შესწავლით, მეცნიერებმა საკმაოდ კარგად დაადგინეს, როდის იყო ეს რეგიონი დასახლებული.

მაიას ხალხი საუკუნეების განმავლობაში იყო დომინანტი ცივილიზაცია მესოამერიკაში — რეგიონში, რომელიც მოიცავს ცენტრალურ ამერიკას და ჩრდილოეთ ამერიკის სამხრეთის უმეტეს ნაწილს.

მაიას ცივილიზაცია განთქმულია მიღწევებით არქიტექტურაში, კულტურაში, კალენდრის სისტემაში, მათემატიკასა და ა. შ.

ახ. წ. მე-9 საუკუნეში მაიას ცივილიზაცია დაეცა, რისი მიზეზიც უნდა ყოფილიყო სამოქალაქო ომი, გვალვა და სხვა გარემოებითი ფაქტორები. თუმცა, მე-17 საუკუნემდე არ იყო ცნობილი, რომ მაიას უკანასკნელი ქალაქი ესპანელი დამპყრობლების გამოჩენისას დაეცა.

LIDAR-ის მსგავსი სისტემების წყალობით, მეცნიერები მაიას ხალხის სულ უფრო მეტ ნაქალაქარს პოულობენ. დასახლებათა შენობებს მრავალი ანალიზი და ადგილზე მუშაობა ესაჭიროება.

არქეოლოგები ადგილზე მუშაობენ არტეფაქტების აღმოსაჩენად, რაც ამ უძველესი ცივილიზაციის შესახებ კიდევ უფრო ბევრს გვეტყვის.

ოკომტუნი ახლა უკვე შეიძლება დაემატოს ამ დროისათვის ცნობილ მაიას ათასობით ქალაქს. კვლევა გრძელდება და მის შესახებ უახლოეს მომავალში ამ ძეგლის შესახებ კიდევ უფრო მეტს შევიტყობთ.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.