მაიას ხალხი სახელგანთქმულ თამაშებში იყენებდა რეზინის ბურთებს, რომლებსაც გარდაცვლილ ბელადთა ფერფლისგან ამზადებდნენ — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება
მაიას ხალხი სახელგანთქმულ თამაშებში იყენებდა რეზინის ბურთებს, რომლებსაც გარდაცვლილ ბელადთა ფერფლისგან ამზადებდნენ — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება

მაიას ხალხი საკუთარ მმართველთა ცხედრებს წვავდა და მათ ფერფლს რეზინის ბურთების დასამზადებლად იყენებდა, რომლებსაც შემდეგ ბურთით თამაშებში გამოიყენებდნენ. ამის შესახებ არქეოლოგები ახალ კვლევაში იუწყებიან.

მკვლევართა განცხადებით, ამის მტკიცებულება სამხრეთ მექსიკაში, მაიას ქალაქ ტონინას გათხრებისას აღმოაჩინეს.

ასო I-ს ფორმის მოედანზე, რეზინის ბურთით ამ თამაშს ორი გუნდი თამაშობდა.

თამაში ათასობით წლის განმავლობაში ძლიერ პოპულარული იყო მთელ ამერიკის კონტინენტზე. მაიას უძველეს ქალაქებში, მათ შორის ტონინაში, ბურთის სათამაშო მრავალი მოედანია აღმოჩენილი.

თეორია რეზინის ბურთების შესახებ, მექსიკის ანთროლოპოგიისა და ისტორიის ეროვნული ინსტიტუტის არქეოლოგმა, ხუან იადეუნ ანგულომ წამოაყენა.

2020 წელს, ნაქალაქარ ტონინაში, მზის ტაძრის სახელით ცნობილი პირამიდის ქვეშ, ანგულოს ჯგუფმა 1300 წლის აკლდამა აღმოაჩინა.

ბურთის სათამაშო მოედანი

აკლდამაში მიაგნეს დაახლოებით 400 ჭურჭლის ნარჩენებს, რომლებიც შეიცავდა ორგანულ მასალებს, მათ შორის ფერფლს, ნახშირსა და ბუნებრივ რეზინს.

მას შემდეგ, რაც მკვლევართა ჯგუფმა ეს დოქები და აკლდამა შეისწავლა, მივიდნენ დასკვნამდე, რომ მათში არსებული ფერფლი ბელადების კრემირებულ ნარჩენებს წარმოადგენს.

როგორც ისინი აღნიშნავენ, ჭურჭლებში არსებული სხვა მასალები ასევე წარმოადგენდა ვულკანიზაციის პროცესისთვის საჭირო ინგრედიენტებს.

ჯგუფმა ასევე შეისწავლა პირამიდასთან ახლომდებარე ბურთის სათამაშო მოედანზე მდგარ სკულპტურებზე არსებული ორნამენტები და დაადგინა, რომ ისინი ასახავდა ბელადს, სახელად ვაკ ჩან კაჰკს, რომელიც მაიას იეროგლიფების მიხედვით, ახ. წ. 1775 წლის სექტემბერში დაიღუპა; ასევე გამოსახული იყო ქალი, სახელად კავიილ კააანი, რომელიც ახ. წ. 722 წელს დაიღუპა და მაღალი იერარქიის წარმომადგენელი უნდა ყოფილიყო.

არქეოლოგთა აზრით, ამ ინდივიდთა ცხედრები დაწვეს და მათი ფერფლი რეზინის ბურთების დამზადებაში გამოიყენეს.

ანგულოს განცხადებით, „პოპოლ ვუჰში“, ტექსტში, რომელიც მაიას ხალხის შექმნას აღწერს, მიწისქვეშა სამყაროში არსებობდა საბურთაო მოედანი, რომელზეც ადამიანის ან ღმერთების თავებით თამაშობდნენ.

ანგულო ასევე აღნიშნავს, რომ ახლომდებარე ძეგლ იაშჩილანში არის სკულპტურები, რომლებიც ასახავს რეზინის ბურთში მყოფ ტყვეებს და ამ ბურთებს მდიდრულად ჩაცმული კაცი ისვრის; არქეოლოგის აზრით, ეს წარმოადგენს იმის მტკიცებულებას, რომ რეზინის ბურთების დასამზადებლად ადამიანის ნაშთებს იყენებდნენ.

გამოცემა Live Science-მა ამ საკითხზე აზრი ჰკითხა რამდენიმე ისეთ მეცნიერს, რომლებიც ამ კვლევაში ჩართული არ ყოფილან.

ზოგიერთი მათგანი ეთანხმება, რომ ადამიანის ფერფლს მართლაც შეიძლება იყენებდნენ რეზინის ბურთების დამზადებაში.

„სრულიად შესაძლებელია, რომ რეზინის ბურთებში ადამიანის ნაშთებია გამოყენებული. მაიას ხალხი ადამიანის ნაშთებს წარმოუდგენლად ფართო კონტექსტში იყენებდა“, — ამბობს აღმოსავლეთ ტენესის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიური ანთროპოლოგიის პროფესორი უილიან დუნკანი.

მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანთროპოლოგიის პროფესორის, გაბრიელ ვრობელის განცხადებით, ასეთი პრაქტიკა აშკარად შესაბამისობაშია მაიას კომპლექსურ და ხშირად ხანგრძლივ სამგლოვიარო რიტუალებთან, რომლებიც კარგად არის დოკუმენტირებული.

ვერმონტის მიდლბერის კოლეჯის ანთროპოლოგიის პროფესორი ჯეიმს ფიცსიმონსი კი აცხადებს, რომ თუ ადამიანის ნაშთებს მართლაც იყენებდნენ რეზინის ბურთების დასამზადებლად, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს ბელადების ნაშთები ყოფილიყო. მისი აზრით, უფრო მეტად საფიქრალია, რომ ეს ომში ტყვედ ჩავარდნილთა ნარჩენები ყოფილიყო.

მომზადებულია Live Science-ის მიხედვით.