მეცნიერები ფიქრობენ, რომ მაიას კალენდრის მუშაობის პრინციპი საბოლოოდ გაშიფრეს — #1tvმეცნიერება
მეცნიერები ფიქრობენ, რომ მაიას კალენდრის მუშაობის პრინციპი საბოლოოდ გაშიფრეს — #1tvმეცნიერება

მაიას ცივილიზაციის კალენდრებში გამოსახული ციკლი მეცნიერებისთვის დიდი თავსატეხი იყო მისი ხელახლა აღმოჩენისა და გაშიფვრის დღიდან, 1940-იანი წლებიდან.

ციკლი 819 დღეს მოიცავს, რასაც უბრალოდ 819-დღიან თვლას უწოდებენ. პრობლემას ის წარმოადგენს, რომ მკვლევრები ამ 819 დღე ვერაფერს უკავშირებენ.

თუმცა, ტულეინის უნივერსიტეტის ანთროპოლოგები, ჯონ ლინდენი და ვიქტორია ბრიკერი ახლა ფიქრობენ, რომ თავსატეხი საბოლოოდ ამოხსნეს. ისინი მიხვდნენ, რომ უბრალოდ საჭირო იყო აზროვნების გაფართოება და ამიტომ, შეისწავლეს, როგორ მუშაობდა კალენდარი არა 819 დღის, არამედ 45 წლის განმავლობაში და ეს დაუკავშირეს ციური სხეულის ცაში დაახლოებით იმავე ადგილზე გამოჩენისთვის საჭირო დროს, რასაც სინოდურ პერიოდს უწოდებენ.

„მიუხედავად იმისა, რომ 819-დღიანი კალენდრის პლანეტებთან კავშირის დადგენა წინა კვლევებშიც სცადეს, მისი ოთხნაწილიანი, ფერთა მიმართულების სქემა ზედმეტად მოკლეა, რათა კარგად მოერგოს ხილული პლანეტების სინოდურ პერიოდებს. თუმცა, კალენდრის 819 დღის 20 პერიოდამდე გაზრდით ჩნდება მახასიათებელი, რომელშიც ყველა ხილული პლანეტის სინოდური პერიოდები შეესაბამება სადგურ წერტილებს უფრო ფართო 819-დღიან კალენდარში“, — წერენ მკვლევრები.

მაიას კალენდარი რთული სისტემაა, რომელიც უფრო პატარა კალენდრებისგან შედგება. შექმნილია საუკუნეების წინ, კოლუმბამდელ მესოამერიკაში. კალენდრის კომპონენტებს შორის, 819-დღიანი თვლა ყველაზე დამაბნეველია თანამედროვე ანთროპოლოგთათვის.

ის გლიფებზე (რელიეფურად ამოკვეთილი ფიგურა) დაფუძნებული კალენდარია, რომელიც ოთხჯერ მეორდება; ყოველი 819-დღიანი ბლოკი ოთხი ფერიდან ერთს შეესაბამება და როგორც მეცნიერები თავდაპირველად ფიქრობდნენ, კარდინალური მიმართულებით. წითელი დაკავშირებული იყო აღმოსავლეთთან, თეთრი ჩრდილოეთთან, შავი დასავლეთთან და ყვითელი სამხრეთთან. მხოლოდ 1980-იან წლებში მიხვდნენ მეცნიერები, რომ ეს მოსაზრება მცდარი იყო.

ამის ნაცვლად, თეთრი და ყვითელი დაკავშირებული იყო ზენიტთან და ნადირთან (შესაბამისად) — ინტერპრეტაცია, რომელიც ასტრონომიას შეესაბამება, რადგან მზე აღმოსავლეთიდან ამოდის, ცაში გადაადგილებისას აღწევს ყველაზე მაღალ წერტილს (ზენიტი), ჩადის დასავლეთით და შემდეგ გაივლის ნადირს, რათა აღმოსავლეთიდან კვლავ ამოვიდეს.

სხვა მინიშნებებიც მიუთითებდა, რომ 819-დღიანი თვლა დაკავშირებული იყო მზის სისტემის ხილულ პლანეტათა სინოდურ პერიოდებთან. მაიას ხალხს უკიდურესად ზუსტი საზომები ჰქონდა ხილული პლანეტების სინოდური პერიოდებისთვის — მერკურის, ვენერას, მარსის, იუპიტერისა და სატურნისთვის.

თუმცა, სირთულეს წარმოადგენდა იმის დადგენა, როგორ მუშაობდა ეს სინოდური პერიოდები 819-დღიანი კალენდრის კონტექსტში. მერკური მარტივია; მას 117-დღიანი სინოდური პერიოდი აქვს, რაც 819 დღეში ზუსტად შვიდჯერ ჯდება. რაც შეეხება დანარჩენ პლანეტებს?

როგორც ჩანს, თითოეული ხილული პლანეტის სინოდური პერიოდი ზუსტად ემთხვევა 819-დღიანი კალენდრის ციკლების რაოდენობას. ვენერას სინოდური პერიოდი 585 დღეა, რაც ზუსტად ემთხვევა 819-დღის შვიდ თვლას. მარსს 780-დღიანი სინოდური პერიოდი აქვს, რაც 819 დღის ზუსტად 20 თვლაა.

გამონაკლისი არც იუპიტერი და სატურნია. იუპიტერის 399-დღიანი სინოდური პერიოდი ზუსტად 39-ჯერ ჯდება 19 თვლაში; სატურნის 378-დღიანი სინოდური პერიოდი კი ზუსტად ექვს თვლას ემთხვევა.

ამას გარდა, არსებობს საინტერესო კავშირი 260-დღიან კალენდართანაც, რომელსაც ცოლკინს უწოდებენ. ოცი 819-დღიანი პერიოდი ჯამში 16 380 დღეა. თუკი ცოლკინს 63-ზე გაამრავლებთ, სწორედ 16 380 დღეს მიიღებთ. უფრო მეტიც, 16 380 ყველაზე პატარა ჯერადია, რაც 260-სა და 819-ს აქვთ საერთო. შესაბამისად, ეს ორი მშვენივრად შეესაბამება ლინდენისა და ბრიკერის მიერ დადგენილ 20-ციკლიან 819 დღის თვლას.

„სტანდარტული 4 × 819-დღიანი ციკლის 819 დღის 20 პერიოდამდე გავრცობით, ვიღებთ ფართო კალენდარულ სისტემას, გაჩერებებზე თანაზომიერებით ყველა ხილული პლანეტის სინოდური პერიოდებისთვის. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ 819 დღის 20 პერიოდის ეს ფართო კალენდარული სისტემა უზრუნველყოფს ცილკინის დღის ნომრისა და სახელწოდების აღდგენის მექანიზმს ყოველ ჯერზე, როცა 819 დღის 20-პერიოდიანი ციკლი იწყება“, — წერენ მკვლევრები.

მათივე განცხადებით, ერთ რომელიმე პლანეტაზე ფოკუსირების ნაცვლად, მაიას ასტრონომები, რომლებმაც 819-დღიანი კალენდარი შექმნეს, ის უფრო ფართო კალენდარულ სისტემად გადააქციეს, რომელსაც ყველა ხილული პლანეტის სინოდური პერიოდის პროგნოზირებისთვის იყენებდნენ.

ყოველთვის, როდესაც ისტორიკოსებს უძველეს საზომთა ინტერპრეტაცია ესაჭიროებათ, არსებობს არასწორი დასკვნების რისკი.

მაიას კალენდარი ურთულესი სისტემაა, რომელიც საბაზისო ასტრონომიას ეფუძნება. ალბათ სულაც არ უნდა გვიკვირდეს, რომ მაიას კოსმოსური საზომი ასეთი დახვეწილი იყო.

კვლევა Ancient Mesoamerica-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.