„შუაღამის ტერორის გამოქვაბულში“, მაიას ხალხის მიერ მსხვერპლად შეწირულ ადამიანთა კბილებში უცნაური ნარჩენები აღმოაჩინეს — #1tvმეცნიერება
„შუაღამის ტერორის გამოქვაბულში“, მაიას ხალხის მიერ მსხვერპლად შეწირულ ადამიანთა კბილებში უცნაური ნარჩენები აღმოაჩინეს — #1tvმეცნიერება

ე. წ. შუაღამის ტერორის გამოქვაბული ბელიზში 15 წლის წინ აღმოაჩინეს; იქვე მიაგნეს დაახლოებით ათასი წლის წინ მაიას წვიმის ღმერთისადმი შეწირული ასზე მეტი ადამიანის ნეშტს. მეცნიერები მღვიმეს დღემდე იკვლევენ.

მაიას კლასიკურ პერიოდში (ახ. წ. 250-925 წწ) ამ მღვიმეს სამარხად იყენებდნენ; სახელი ადგილობრივებმა უწოდეს, რომლებმაც 2006 წელს იქ დაჭრილი მძარცველი გადაარჩინეს.

ლოს-ანჯელესის კალიფორნიის უნივერსიტეტის მიერ წარმოებული გათხრების სამწლიანი პროექტის შემდეგ, პროფესორებმა და სტუდენტებმა დაასკვნეს, რომ მღვიმეში აღმოჩენილი 10 000-ზე მეტი ძვალი სულ მცირე 118 ადამიანს ეკუთვნის; მრავალ მათგანს სიკვდილისას მიყენებული ტრავმის ნიშნები აქვს.

მსხვერპლთა ბოლო წუთების უფრო ღრმად კვლევის მიზნით, ახალი კვლევისას ფოკუსი გააკეთეს არა მათ ძვლებზე, არამედ პირებზე, სწავლობდნენ მათ კბილებზე არსებულ გაქვავებულ ფენებს, რომლებსაც კბილის ქვებს უწოდებენ. International Journal of Osteoarchaeology-ში გამოქვეყნებული კვლევა აღწერს უცნაურ ლურჯ ბოჭკოებს, რომლებიც სულ მცირე ორი მსხვერპლის კბილებზეა მიკრული.

კვლევის ავტორმა ემი ჩანმა შუაღამის ტერორის გამოქვაბულში ნაპოვნი კბილების ანალიზი ჯერ კიდევ სტუდენტობისას დაიწყო, როდესაც ლოს-ანჯელესის კალიფორნიის უნივერსიტეტში ის დაინტერესდა, რომ უფრო მეტი შეესწავლა მსხვერპლთა კბილების ჯანმრთელობის შესახებ.

„სტომატოლოგიური პათოლოგიის მინიმალური შემთხვევების აღმოჩენის შემდეგ, დავინტერესდი გამერკვია, რა სახის საკვებს ჭამდნენ მსხვერპლები“, — ამბობს ჩანი.

კბილის ქვებმა შეიძლება შემოინახოს ადამიანის მიერ შეჭმული საკვების მიკროსკოპული ნაწილები, მაგალითად, ყვავილის მტვრის, სახამებლისა და ფიტოლითების მარცვლები, რომლებიც წარმოადგენს მცენარეთა მინერალიზებულ ნაწილებს. ამიტომ, ჩანმა ექვსი კბილიდან აიღო ანაფხეკები და ისინი კვლევის თანაავტორს, ლინდა სკოტ კამინგსს გაუგზავნა. სკოტ კამინგსმა დაადგინა, რომ ნიმუშები ძირითადად შეიცავდა ბამბის ბოჭკოს და რამდენიმე მათგანი კაშკაშა ცისფრად იყო შეღებილი.

„ორივე ნიმუშში ბამბის ცისფერი ბოჭკოს აღმოჩენა მოულოდნელი იყო. ცისფერი ფერი მაიას რიტუალებში მნიშვნელოვანია“, — ამბობს ჩანი.

უნიკალური „მაიას ცისფერი“ პიგმენტი მესოამერიკის სხვა ძეგლებზეც არის აღმოჩენილი, სადაც როგორც ჩანს, მას საცერემონიოდ იყენებდნენ — განსაკუთრებით, მსხვერპლთა სხეულების შესაღებად.

ასეთი ცისფერი ბოჭკოები ასევე აღმოჩენილია მექსიკაში, უძველეს ქალაქ ტეოტიუაკანის სამარხებში, აგავისგან დამზადებულ ალკოჰოლურ სასმელებში.

თუმცა, ჩანს და მის ჯგუფს კბილებში აღმოჩენილი ბოჭკოებისთვის სხვაგვარი ახსნა აქვს: სავარაუდოდ, მსხვერპლშეწირვამდე, მსხვერპლებს პირი ბამბის ქსოვილებით ამოუტენეს.

თუკი მსხვერპლები საპყრობილეში დიდხანს იმყოფებოდნენ, მათ კბილის ქვებში ბამბის ცისფერი ქსოვილი ჩაეკვრებოდა.

„საინტერესოა, რომ კბილის ქვებში მათ ფერადი ბოჭკო აღმოაჩინეს. ბევრი მკვლევარი ფიქრობს, რომ კბილის ქვები მხოლოდ კვების რაციონზე მიუთითებს, მაგრამ ეს კვლევა კარგი მაგალითია იმისა, თუ რამდენი ინფორმაცია შეიძლება მივიღოთ მისგან“, — ამბობს მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოარქეოლოგი გაბრიელ ვრობელი, რომელიც ამ კვლევაში ჩართული არ ყოფილა.

კვლევა International Journal of Osteoarchaeology-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია Live Science-ის მიხედვით.